ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი ინდირა რობაქიძე და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორები თამარ ზაქუტაშვილი და თამარ კაპანაძე, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ანა გამეზარდაშვილი.
პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხები და ძალადობაგამოვლილი პირების დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმები გააცნეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. განსაკუთრებული ყურადღება ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს და სისხლის სამართლის პროცესში მათი მონაწილეობის პრაქტიკული საკითხების განხილვას დაეთმო.
ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია, დაესვათ შეკითხვები და პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მოესმინათ.
