გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზების აღდგენა-რეაბილიტაციის 6 პროექტი ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 7.5 კილომეტრამდე სიგრძის საგზაო მონაკვეთი მოწესრიგდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში 2 400 000 ლარამდე დაიხარჯება. პროექტები მოიცავს სოფელ ამაღლების ცენტრიდან ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის მიმართულებით უმოკლესი გზის რეაბილიტაციას, ასევე, შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზიდან სასაფლაოსკენ მიმავალი გზის მოწესრიგებას, გორაბერეჟოულის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური და შიდა საავტომობილო გზების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციასა და სოფლების – ხევისა და ერკეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და დაბლაციხის ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგებას.
