შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე, მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე მუნიციპალური სამსახურები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.შინაგან საქმეთა მინისტრი ფონიჭალაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ადგილზე პირადად ეცნობა.„ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები.
პროაქტიულად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ოთხი პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა. სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი ყველა პირი კონტაქტური იყო და ამ დრომდე კონტაქტურები არიან. ასევე, სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფლის დადგენა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა და ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა ისკონტაქტურია.სულხან თამაზაშვილის თქმით, არსებობს კორპუსის ნგრევის რეალური საფრთხე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კორპუსის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც შენობის წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა, თუმცა უკანა პერიმეტრზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზს, შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, აფეთქების მიზეზი და უშუალო კერა იდენტიფიცირებულია.„მიზეზი გამათბობელია. მოქალაქე, რომელიც მე-5 სართულზე ცხოვრობდა, ცდილობდა გამათბობლის ჩართვას ღამით. ის კონტაქტურია და თავად გვიყვება ამბავს, რომ ღამე ჩართო, შემდეგ გამორთო, დილით კვლავ სცადა ჩართვა და მოხდა აფეთქება“, – განუცხადა მედიას სულხან თამაზაშვილმა.
