Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • მსოფლიო

პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი სი ძინპინთან მოლაპარაკებებს მართავს

მარშალ პრესი 19/11/2026
პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი სი ძინპინთან მოლაპარაკებებს მართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ქალაქ შენჟენში მოლაპარაკებებს მართავს. მოლაპარაკებები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში იმართება.

შეხვედრის მთავარი საკითხები აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ორმხრივი თანამშრომლობა და საერთაშორისო საკითხებია.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას და სი ძინპინს განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა აქვთ, რომლის განმტკიცებაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია.

„მახსოვს, 2017 წელს ჩინეთში ჩემი პირველი სახელმწიფო ვიზიტი შედგა. მას შემდეგ მე და პრეზიდენტმა სი ძინპინმა განსაკუთრებული პირადი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ. ზოგიერთ ადამიანს ამის მოსმენა არ სიამოვნებს, თუმცა მე ეს ძალიან მიხარია. არიან ისეთებიც, რომლებიც ამით აღფრთოვანებულნი არიან. ამ მეგობრობის გაღრმავება ორივე ქვეყნის მოსახლეობას წაადგება“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და ჩინეთი ვაჭრობის, ინვესტიციების, რეგიონული საკითხებისა და მსოფლიო მშვიდობის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

„შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ვაჭრობის, ინვესტიციების, რეგიონული საკითხებისა და მსოფლიო მშვიდობის მიმართულებით ლიდერობა იკისრეს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყნები, რომლებსაც იმის გაკეთება შეუძლიათ, რაც ჩვენ შეგვიძლია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. მან ასევე გაიხსენა მაისში პეკინში ვიზიტისას სავაჭრო საბჭოს შექმნა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, ქვეყნებს შორის სავაჭრო დისბალანსის შემცირებაა.

„ჩვენ ეს ურთიერთობა სამართლიანი გავხადეთ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ე.წ. „30 30-ზე“ შეთანხმებაზე, რომელიც ორივე მხარის მიერ დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე საპასუხო სატარიფო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

ტრამპის განცხადებით, სავაჭრო შეთანხმებამ ორივე ქვეყანას სარგებელი მოუტანა, მათ შორის ამერიკელ ფერმერებსაც. მან სი ძინპინს მოუწოდა, ჩინეთმა აშშ-დან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვები კიდევ უფრო გაზარდოს.

„ჩვენც კარგად ვიმოქმედეთ და თქვენც კარგად იმოქმედეთ. ჩვენმა ფერმერებმა ძალიან დიდი სარგებელი მიიღეს. ჩინეთს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა აქვს და ჩვენ შეგვიძლია, ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ სი ძინპინთან შეხვედრამდე ტრამპმა მოლაპარკაებები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართა.

Post navigation

Previous: ​​ვან გოგის ტილო აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა
Next: გახარიას პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ქსოვრელი: თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპია, რომ სახელმწიფო იძახის, რაღაც საკითხებს ამომრჩეველი ვერ გადაწყვეტს, ანუ რაღაც შემთხვევებში არჩევნები ვერ იქნება პასუხი და მე უნდა ჩავერიო – შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ პროცესის დინებაზე მიშვებით, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებს დაველოდოთ, რაღაც გაფუჭდება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.