საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ 1-ელ აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია, მათი გაერთიანების გზით. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალ ორგანიზაციას, რომელსაც სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ეწოდა, უხელმძღვანელებს რეჟისორი ნიკა საბაშვილი.
„რეორგანიზაცია არის მიმდინარე რეფორმის ნაწილი და მისი მიზანი ამ სამი თეატრის მენეჯმენტის გაუმჯობესება, შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის ამაღლება და თეატრების ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდაა. მათი საქმიანობის სფეროს ერთგვაროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, მოცემული თეატრების გაერთიანებით შეიქმნას კოორდინირებულად განვითარების წინაპირობა. თეატრების გაერთიანება და მათ ბაზაზე ერთი თეატრის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს მოცემულ დარგში კომპლექსური ინოვაციების დანერგვას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
რეფორმის ფარგლებში, დარგის განვითარების ერთ–ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა თბილისში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ერთიანი საამქროს შექმნა, სადაც კოორდინირებულად იმუშავებენ პროფესიონალი მეთოჯინეები. ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. გარდა იმისა, რომ მეთოჯინის პროფესია განსაკუთრებულ ხელშეწყობას მიიღებს, საამქრო ორიენტირებული იქნება ხარისხის გაუმჯობესებაზე, სხვადასხვა ტიპის თოჯინების დამზადებაზე, თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე.
რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, უნივერსიტეტში თოჯინური სპეციალობის აღდგენასთან დაკავშირებით. პარალელურად, იქმნება თეატრთან არსებული სასწავლო სახელოსნო, რაც შექმნის დარგით დაინტერესებული პირებისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. გააქტიურდება თეატრებს შორის შიდა გასტროლები, რაც ხელს შეუწყობს დარგის პოპულარიზაციას.
ასევე, რეფორმა გულისხმობს თოჯინური ხელოვნებით დაინტერესებული რეჟისორების მაქსიმალურ პროფესიულ რეალიზებას. ამ მიზნით მოხდება კოორდინაცია დაინტერესებულ რეჟისორებს შორის, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლეობით განახორციელებენ წარმოდგენებს სხვადასხვა ლოკაციებზე. შეიქმნება თოჯინების მუზეუმი, სადაც საექსპოზიციოდ წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი ექსპონატები, როგორც უძველესი თოჯინების, ისე მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტაციის სახით.
რეფორმა, აღნიშნულ კომპონენტებთან ერთად, ითვალისწინებს მაყურებელთა ასაკობრივი სეგმენტის ზრდას და მათთვის მრავალფეროვანი რეპერტუარის შეთავაზებას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ზემოხსენებული ბრძანების შესაბამისად, შტატით და შტატგარეშე გათვალისწინებული მოსამსახურეები, რომლებიც დასაქმებულნი არიან მოცემულ სამ თეატრში, დარჩნენ სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში იმავე თანამდებობაზე/პოზიციაზე დანიშნულებად და გააგრძელებენ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით. ამასთან, სამივე თეატრი მუშაობას განაგრძობს იმავე შენობებში და თითოეულ მათგანს შეუნარჩუნდება სახელწოდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო...