„გამოფიტვითი ომითა და თანმდევი კრიზისებით დაღლილმა ისრაელის საზოგადოებამ, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა ნეთანიაჰუს ეპოქას და მმართველ ბლოკს ელექტორალური საყრდენი გამოაცალა,“ – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, კერძოდ ისრაელში გამართული არჩევნები. როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის ეპოქა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და მის მიერ არჩეული კურსი, რომელიც ემყარებოდა მუდმივი სამხედრო ზეწოლის კონცეფციას, ჩიხში შევიდა.
მანვე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა აშშ-ს კონგრესის შუალედურ არჩევნებზეც მოახდინა. მეტიც, მისი აზრით, ამ პროცესებში ირანმა ტრიგერის როლი შეასრულა და დასავლეთთან დაძაბულობა სათავისოდ შემოატრიალა. რა გავლენას იქონიებს ეს პროცესები საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, ასევე ქვეყნის მნიშვნელობაზე შუა დერეფნის პროექტში, ექსპერტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში განმარტავს: „თეირანის გეოპოლიტიკური გათვლა ოპონენტების მართვადი ქაოსით გამოფიტვაზე აიგო, თუმცა პროქსი-ომების სტრატეგიამ საბოლოოდ საკვანძო მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში ტექტონიკური ძვრები გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ბუმერანგის პრინციპი მუშაობს არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის მიმართულებითაც. ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს მრავალწლიანი კურსი, რომელიც ემყარებოდა მკაცრი ძალისმიერი შეკავებისა და მუდმივი სამხედრო ზეწოლის აბსოლუტური გარდუვალობის კონცეფციას, ჩიხში შევიდა და „ბიბის” ეპოქა მოულოდნელად დაასრულა.
გაჭიანურებული რეგიონული დაპირისპირების შედეგი გახდა არა უბრალოდ მისი კოალიციის დაცემა ქნესეთში, არამედ უსაფრთხოების იმ არქიტექტურის სრული კრახი, რომელსაც ის ათწლეულების განმავლობაში აშენებდა. გამოფიტვითი ომითა და თანმდევი კრიზისებით დაღლილმა ისრაელის საზოგადოებამ, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა ნეთანიაჰუს ეპოქას და მმართველ ბლოკს ელექტორალური საყრდენი გამოაცალა. პარალელურად, აშშ-ში ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციამ და გეოპოლიტიკური რისკების ზრდამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა რესპუბლიკელების პოზიციებს სწორედ ირანში ისრაელ-აშშ-ს ერთობლივი ავანტიურის გამო. საგარეო პოლიტიკურმა ტურბულენტურმა ფონმა, ეკონომიკურმა ზეწოლამ და კრიზისული მოვლენების გამწვავებამ კონგრესის არჩევნებში პარტიის კასკადური დამარცხება გამოიწვია.
იმის ნაცვლად, რომ ეჩვენებინა სიხისტე და მოეხდინა უსაფრთხოების დღის წესრიგის მონოპოლიზება, რესპუბლიკური პარტია იზოლაციაში აღმოჩნდა ამომრჩევლის წინაშე, რომელიც დაიღალა შიდა ფასების ზრდითა და საგარეო პოლიტიკური ქაოსით – ირანმა კი, აქაც ტრიგერის როლი ითამაშა. ამრიგად, თეირანმა პარადოქსულ ეფექტს მიაღწია: დასავლეთთან პირდაპირ, ტოტალურ შეტაკებაში შესვლის გარეშე, მან რეგიონული კონფლიქტი თავისი მთავარი მოწინააღმდეგეების პოლიტიკური გადაწყობის ინსტრუმენტად აქცია.
ნეთანიაჰუს მსხვერპლშეწირვამ თელ-ავივში და რესპუბლიკელების ვაშინგტონში, გააუქმა უწინდელი სტრატეგიული ალიანსები და ორივე სახელმწიფოში უმძიმესი ინსტიტუციური ვაკუუმი შექმნა. თუმცა, თეირანის ეს გამარჯვება შესაძლოა „პიროსის” აღმოჩნდეს. თავისი სიხისტით გასაგები და პროგნოზირებადი ოპონენტების ლიკვიდაციით, ირანი შეეჯახება ხელისუფლების ახალ კონფიგურაციებს დასავლეთსა და ისრაელში, რომლებიც აღარ დაიმძიმებენ თავს ძველი ვალდებულებებით და შესაძლოა სრულიად მოულოდნელი ნაბიჯები გადადგან. ამ გეოპოლიტიკურ ფონზე, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორაზროვნების გარეშე და მკაცრად გამოუტანა განაჩენი სომხეთის ტერიტორიაზე გამავალ ე.წ. „ტრამპის დერეფნის“ პროექტს, რათა უაპელაციოდ განემტკიცებინა თეირანის წითელი ხაზები რეგიონალურ სადერეფნო მარშრუტებში. ასეთი ნაბიჯი აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო: ირანი არცერთ გარემოებაში არ აპირებს მოითმინოს დასავლეთის ყოფნა ან ინფრასტრუქტურული კონტროლის შეცვლა თავის ჩრდილოეთ საზღვრებთან. სომხური სატრანზიტო მარშრუტის ტორპედირება დარტყმას აყენებს ალტერნატიულ ლოჯისტიკურ სქემებს და კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს ექსკლუზიურ სატრანზიტო სტატუსს. თბილისის პოზიციები, როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი, სტაბილური და შეუცვლელი ჰაბისა, ამ ფონზე რკინაბეტონივით მყარად გამოიყურება – რაც თვალსაჩინოდ განმტკიცდა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის სამდღიანი ვიზიტით ჩვენს ქვეყანაში, რამაც დაადასტურა ქართული დერეფნის სტრატეგიული მასშტაბი და ინსტიტუციური მნიშვნელობა გლობალურ ევრაზიულ ლოჯისტიკაში. ასე რომ ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ – ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ – სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც” თბილისში „ბუშის ქუჩის” მნიშვნელობა შესძინა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
