Skip to content
02/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს – პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც

მარშალ პრესი 01/11/2026
nikoloz metreveli

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები.

ანალიტიკოსის შეფასებით, მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, როდესაც ევროპული ხელისუფლების მოქმედებებს წინასწარ ეძებნება გამართლება, საქართველოს შემთხვევაში კი შეფასებები გარემოებების შესწავლამდე კეთდება.

მეტრეველი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საზოგადოებრივი მსჯელობა კონკრეტულ სარგებელს, ვალდებულებებსა და საქართველოს ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს უნდა დაეფუძნოს.

„წლების განმავლობაში ქართველებს ევროპას ელდორადოდ წარმოგვიდგენდნენ, ადგილად, სადაც ყველა პრობლემა მოგვარებულია, ხელისუფლება ყოველთვის ხალხს უსმენს, მოქალაქის უფლებები ხელშეუხებელია და პოლიციელები დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს კი არა, კამფეტებს ესვრიან. თითქოს საკმარისი იყო ევროკავშირის კარზე მიგვეკაკუნებინა და სოციალური სამართლიანობა, კეთილდღეობა და დემოკრატია თავისთავად მოვიდოდა.

დღეს ამ ლამაზად შეფუთულ წარმოდგენას ევროპული ქუჩებიდან გავრცელებული კადრები უპირისპირდება: ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, შეტაკებები და დაკავებები. მიმდინარე პროტესტის უკან რეალური ადამიანების რეალური პრობლემებია: ცხოვრების გაძვირება, საცხოვრებლის ხელმიუწვდომლობა, განათლებისა და საჯარო მომსახურებების მდგომარეობით უკმაყოფილება. საფრანგეთში სტუდენტური მოთხოვნები უფრო ფართო სოციალურ პროტესტში გადაიზარდა, ხოლო პორტუგალიაში მოქალაქეები საცხოვრებლის კრიზისს აპროტესტებენ. ეს ადამიანები იმ ევროპაში ცხოვრობენ, რომელსაც ჩვენ სამოთხედ გვიხატავდნენ.

ცხადია, სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს – პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც. მოქალაქის უფლებას ერთნაირი ფასი უნდა ჰქონდეს იმის მიუხედავად, რომელი ქვეყნის დროშა ფრიალებს მთავრობის შენობაზე.

პირადად ჩემთვის მიუღებელია დამოკიდებულება, როდესაც ევროპული ხელისუფლების მოქმედებას წინასწარ ეძებნება გამართლება, ხოლო საქართველოს შემთხვევაში განაჩენი გარემოებების შესწავლამდე გამოაქვთ. თუ დემოკრატიულ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ის ყველასთვის საერთო უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებებზე საუბარი პოლიტიკური ზეწოლის მოსახერხებელ ენად იქცევა.

ამ მოვლენებში მე ვხედავ ევროკავშირის იმ არადემოკრატიულ სახესაც, რომლის დანახვა მის უპირობო დამცველებს არ სურთ: ხელისუფლების ცდუნებას, მოქალაქის უკმაყოფილებას მხოლოდ წესრიგის პრობლემად შეხედოს და პოლიტიკური პასუხი ძალოვანი პასუხით ჩაანაცვლოს. ყველა შეტაკება თავისთავად დემოკრატიის არარსებობას ვერ დაამტკიცებს, მაგრამ ვერც „ევროპული“ სახელწოდება გახდება ხელისუფლების ქმედებების ავტომატური გამართლება.“ – წერს მეტრეველი.

Post navigation

Previous: გიორგი კახიანი: მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ოპოზიციური პარტიების ახსნა-განმარტებებს. ძალიან ყურადღებით ვუსმენდი, ვინაიდან მაინტერესებდა რა არგუმენტები შესაძლოა ჰქონოდათ, ასეთი არგუმენტები ვერ მოვისმინე
Next: ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.