„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის ერთობას „ღიმილის მომგვრელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავის ლუსტრაცია თავადვე შესანიშნავად მოახერხა. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საზოგადოება, მათ შორის მათივე მომხრეები, მიხვდა, რომ ოპოზიცია ხელმოცარულია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ფილიალებიანად ამომრჩეველს ძალიან კარგად დაანახა საკუთარი თავი, ამიტომ კოალიციურ მთავრობაზე ლაპარაკი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. ის ადამიანებიც კი, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, თვლიან, რომ ნაციონალები თავის ფილიალებიანად უნდა აიკრძალონ. ბოლო ორ-სამ წელიწადში რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავის ლუსტრაცია საუკეთესოდ მოახდინა.
ბრიფინგს ვერ ატარებენ ისე, რომ ერთ აზრზე შეჯერდნენ – ხელისუფლებაში ხომ არ არიან და ბრიფინგს ხომ არ ატარებენ?! ახლაც კი ვერ თანხმდებიან განცხადებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში უნდა მიეღოთ თუ არა მონაწილეობა, ვინ შიგნით უნდა ყოფილიყო, ვინ – გარეთ და ვინ – კარებში, ამაზეც კი ვერ შეთანხმდნენ. ამას ხომ ხედავს მათი ამომრჩეველი? ბრიფინგზე რომ დგანან, ერთი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა აზრს აჟღერებენ. თავის დროზეც, როდესაც 9 პარტიისგან შექმნეს ალიანსი, იქვე, ბრიფინგზე თქვეს – ერთად კი ვდგავართ, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო. საზოგადოება უკვე მიხვდა, მათივე მხარდამჭერებიც, რომ ესენი არაფრის გამკეთებლები იყვნენ. ამიტომაც, აღარ აქვთ მორალური მხარდაჭერა და არავის აინტერესებს, აიკრძალებიან თუ არა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადიკალების რევოლუციურ მოწოდებებს, რომელიც ნგრევის, ქაოსისა და არეულობისაკენ არის მიმართული, საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. „ხელისუფლებას ადამიანი მხარს უჭერს თუ არა, ეს სხვა თემაა – არჩევნებზე მივლენ და იქ შემოხაზავენ მათთვის მისაღებ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ფაქტია, რომ რადიკალურ მოწოდებებზე – შტურმზე, ომზე, პოლიციელის ცემაზე და ა.შ. – საზოგადოება მათ აღარ მიჰყვება, რადგან საზოგადოებამ აზროვნება დაიწყო – ხვდებიან, რომ შეიძლება, არ უჭერენ მხარს ხელისუფლებას, მაგრამ არ უნდათ შტურმი, ომი, ქაოსი, ეკონომიკური დაღმასვლა და ეკონომიკური სანქციები – გავიარეთ ეს ყველაფერი და ვნახეთ, რა არის. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ აუცილებელი და ცოტა დაგვიანებულიც კი არის პოლიტიკური ველის გაწმენდა ასეთი რადიკალური ელემენტებისგან,” – დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.
