Skip to content
19/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარკო რუბიო – პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე

მარშალ პრესი 18/10/2026
marko rubio

marko rubio

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. რუბიოს თქმით, შეზღუდვები მხოლოდ რუსეთს არ ეხება და სხვა ქვეყნების, მათ შორის ინდოეთის, წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებსაც მოიცავს. შესაბამისად, რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპს სურს, 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ და თავად აშშ-ის ეკონომიკაზე.

„პრობლემა ის არის, რომ ეს სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება. ისინი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინდოეთისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებსაც მოიცავს. ვფიქრობ, პრეზიდენტს სურს, ეს 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე და თავად აშშ-ის ეკონომიკაზეც. ვფიქრობ, კანონპროექტის მიღებისას ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მასში გამონაკლისები გაითვალისწინეს, სწორედ ის იყო, რომ საჭირო იქნებოდა გარკვეული პერიოდი ყველა ამ საკითხის შესასწავლად.

ამჟამად მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, მათ შორის იზრდება ზეწოლა ენერგომომარაგებაზე. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ ირანთან დაკავშირებული ვითარებითა და ჰორმუზის სრუტეში არსებული პრობლემებით, არამედ იმითაც, რომ „ჰუსიტები“ სულ უფრო ხშირად უტევენ საუდის არაბეთს, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში იერიშები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც ხორციელდება. ეს ყველაფერი გლობალურ ფასებზეც აისახება. ვფიქრობ, ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ერთმანეთს შევადაროთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. მაგალითად, ინდოეთის მსგავს ქვეყნებს ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია საკუთარი ინიციატივით უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა ისინი კვლავაც რუსეთიდან იღებენ ენერგორესურსების მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან მომარაგების წყაროს ერთ დღეში შეცვლა რთულია.

ამასთან, ინდოეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია. ამიტომ პრეზიდენტს სჭირდება ეს პერიოდი, რათა ყველა გარემოება შეისწავლოს და განსაზღვროს, რომელი ზომების კომბინაცია იქნება ყველაზე სწორი“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიომ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სანქციების შემსუბუქებითა და რუსული დიზელის გაყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით სარგებელს შეერთებული შტატებისგან სანაცვლოდ რაიმე დათმობის გარეშე.

„ეს დიზელი ამა თუ იმ გზით მაინც გაიყიდება. პუტინი მას მსოფლიო ბაზარს ნებისმიერ შემთხვევაში მიაწვდიდა. ერთადერთი განსხვავება ის არის, თუ ამ მოცულობის რა ნაწილს მიიღებდა შეერთებული შტატები“,- განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება უპრეცედენტო არ არის, რამდენიმე თვის წინ, ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის დროს აშშ-მა რუსეთის ნავთობზე სანქციების მოქმედება 60 დღით შეაჩერა.

„მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები ერთმანეთს სულ უფრო მეტად უკავშირდება და გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნავთობისა და დიზელის გლობალურ ფასებზე, არამედ ეკონომიკაზეც. ეს თავად შეერთებულ შტატებზეც აისახება. ჩვენ იმაზე მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე გვსურს. თუმცა, თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი კრიზისის ზღვარზე დგას. ამიტომ ყველა ამ საკითხის ფრთხილად მართვაა საჭირო, რადგან ისინი ახლა ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. საქმე მხოლოდ ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას აღარ ეხება. მნიშვნელოვანია ისიც, რაც საუდის არაბეთში ხდება და რა გაურკვევლობას ქმნის ეს, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და ის შეზღუდვები, რომლებსაც ეს კონფლიქტი გლობალურ ენერგომომარაგებას უქმნის“, – განაცხადა რუბიომ.

ამასთან, რუბიოს განცხადებით, თეთრ სახლს უკრაინისთვის Starlink-ის კავშირის შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს. რუბიოს თქმით, მისი ინფორმაციით, კავშირი უკვე აღდგენილია.

„არ ვიცი, რა მოსაზრება დგას ამ ბრალდების უკან, მაგრამ ამას თეთრ სახლთან არანაირი კავშირი არ აქვს. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია ვნახე. ეს კატეგორიულად მცდარია. თეთრ სახლში არავის მიუცია არავისთვის დავალება, შეენელებინა ინტერნეტი ან შეემცირებინა კავშირის სიჩქარე. თუმცა, როგორც მე ვიცი, კავშირი აღდგენილია და სისტემა კვლავ მუშაობს“, – განაცხადა რუბიომ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ობიექტურობის სტანდარტები ადგენს, როდის შეუძლია მედიასაშუალებას, შეფასებითი განცხადება გაავრცელოს, როდის – არა, მედია უნდა იყოს ობიექტური, მედიაგარემო უნდა გაჯანსაღდეს ქვეყანაში
Next: ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.