ვეტერანის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა, მათ მიერ სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას დაეთმო.
პრეზიდენტმა მათ ვეტერანის დღე მიულოცა და ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადა.
ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა განსაკუთრებული პატივი მიაგო საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და აღნიშნა, რომ მათი თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.
„საქართველო გმირების სამშობლოა. ჩვენი ქარტეხილებით აღსავსე მრავალსაუკუნოვანი მატიანე ამის უტყუარი დასტურია – ეს არის ისტორია, რომლის ცოცხალი, ღირსეული და განუყოფელი ნაწილიც აქ მყოფი თითოეული თქვენგანია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ვეტერანების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის, მათი ღირსებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
„თქვენი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. ვეტერანებზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მორალური ვალი და ურყევი პრიორიტეტია. სახელმწიფოს ვალია თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღიურად იგრძნოს სახელმწიფოსგან ჯეროვანი პატივისცემა, თანადგომა და დაფასება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა თანამედროვე მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე ომებისა და კონფლიქტების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობის შენარჩუნებას, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების სიმტკიცესა და საზოგადოებრივ ერთიანობას.
მისი თქმით, ვეტერანების გამოცდილება განსაკუთრებულად წარმოაჩენს მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობას.
„თქვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ მშვიდობა არ არის თავისთავადი მოცემულობა; ის მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, სიმტკიცეს, ძლიერ სახელმწიფოსა და ერის ერთიანობას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, საპატრიარქოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
