”ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ გამოხატული ბულინგის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მსგავსი თავდასხმების სამიზნე ყველა ის ადამიანი ხდება, ვისაც ქვეყნის მიმართ პატრიოტული პოზიცია აქვს.
„ლაშა არის გმირი სულით და ღირსეული კაცია, ნამდვილი ქართველი მამულიშვილი, რომელსაც მართლა უყვარს თავისი სამშობლო და ნუ გაგვიკვირდებათ, თუ უსამშობლო ადამიანებს ლაშა ბექაური არ მოსწონთ. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ლაშას მიმართ აქვთ. თუ დავაკვირდებით, ეზიზღებათ ყველა წარმატებული ადამიანი, რომელსაც სწორი პოზიცია უჭირავს, ქვეყანა უყვარს და ვისთვისაც საქართველო მხოლოდ ტერიტორიები არ არის. ისინი ყველა ასეთ ადამიანს აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ გაიხსენა ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაც და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის გამო შეურაცხყოფას მათაც აყენებდნენ.
„გავიხსენოთ თუნდაც ფეხბურთელები. როგორ შეურაცხყოფდნენ მათ, რადგან მათ პოზიციას არ იკავებდნენ. ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები გარედან იმართებიან, საერთოდ სამშობლო არ გააჩნიათ და არავის არ ეკუთვნიან – არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ ქვეყანას. ისინი ჩვეულებრივ დავალებებს იღებენ გარედან, თავიანთი პატრონები ჰყავთ, მათგან ფინანსდებიან და იმიტომ არიან ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან დღეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
