„ჩვენი თვითმიზანი არ არის ციხეების რაოდენობა გავზარდოთ. ჩვენი მიზანია, რომ ძველი, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებები შევცვალოთ თანამედროვე ტიპის მცირე ზომის დაწესებულებებით,“ – საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, ახალი, თანამედროვე ტიპის დაწესებულებები 300-დან 500-მდე ადამიანზე იქნება გათვლილი. პაატა სალიამ ლაითურის პენიტენციური დაწესებულებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ლაითურის დაწესებულება 700 პატიმარზეა გათვლილი და მსგავსი ინფრასტრუქტურით შეიძლება, ბევრმა ქვეყანამ ვერ დაიკვეხნოს. ახლა დავასრულეთ რუსთავში 150-კაციანი ციხის მშენებლობა და უახლოეს მომავალში პატიმრებს უკვე მასში გადავანაწილებთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
