ეს არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერეკლეობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ერეკლე მეორე არის მეფე, რომელმაც ასობით ბრძოლა გადაიხადა საკუთარი ხალხის, ქრისტიანული სარწმუნოებისა და მშობლიური მიწის დასაცავად.
„დღეს ვიმყოფებით ულამაზეს ქალაქში, რომლისთვისაც ერეკლე მეორის სახელი განსაკუთრებულად ძვირფასია; თუმცა, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღესასწაული, „ერეკლეობა“ სრულიად საქართველოს ეკუთვნის. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი. ეს არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო.
ერეკლე მეორე ჩვენთვის პოლიტიკური სიბრძნის, სიმამაცის და სამშობლოსათვის თავდადების სიმბოლოა. ერეკლე მეორე არის მეფე, რომელმაც ასობით ბრძოლა გადაიხადა საკუთარი ხალხის, ქრისტიანული სარწმუნოებისა და მშობლიური მიწის დასაცავად.
გარდა ამისა, ერეკლე მეფე იყო თავისი დროის უდიდესი რეფორმატორი, რომელიც ქვეყნის მოდერნიზაციასა და განვითარებაზე ზრუნავდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი სამრეწველო საწარმოების დაფუძნება, წარმოების აღორძინება, თბილისისა და თელავის სემინარიების გახსნა, სტამბის განახლება და პირველი საერო თეატრალური დასის ჩამოყალიბება. ერეკლე მეორეს კარგად ესმოდა, რომ ერის გაძლიერებას ცოდნა, ეკონომიკური სიძლიერე და კულტურული წინსვლა სჭირდებოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
