რამდენიმე დღის წინ, ე.წ დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციის მიმართ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა გამოხატეს უკმაყოფილება.
მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ტერიტორიის მოწესრიგების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ , ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო საკუთრება და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, პროცესში ჩაერთო თბილისის მერია და დიდუბის რაიონის გამგეობა.
დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი რამდენჯერმე შეხვდა მოვაჭრეებს, მოისმინა მათი მოთხოვნები და გაეცნო არსებულ პრობლემებს. მანვე, შეხვედრა გამართა ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
საკითხის სწრაფად და პოზიტიურად გადაჭრის მიზნით, მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთო თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.
დღეს, დიდუბის გამგეობაში, დავით გელოვანის მონაწილეობით, მოლაპარაკება გაიმართა ბაზრის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის.
მხარეებმა განიხილეს არსებული გამოწვევები, გაცვალეს მოსაზრებები და პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. შეხვედრის მიზანი კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა და საკითხების შეთანხმების საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იყო, რაც წარმატებით დასრულდა.
