არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ახლა უცხოეთიდან ორკესტრირებით ამუშავებულია პროპაგანდა – „საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე“.
„მე მგონი უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ არ იყო წამოცდენები, რაც ჰქონდა გია ბარამიძეს, მიხეილ სააკაშვილს, გვარამიას. ეს არის კამპანიის ნაწილი და გვარამიამ აღწერა კიდეც, თუ რა არის მიზანი ამ კამპანიისა. მან სრულიად უადგილოდ გააკეთა შედარება აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის. თქვა, რომ როგორც სომხეთმა მოახერხა და ყარაბაღის ტრავმა დაივიწყა და ჩამოიცილა, ასეთივე ტრავმაა აფხაზეთი. ამით მიანიშნა, რომ ჩვენც ასე უნდა ჩამოვიცილოთ და დავივიწყოთ აფხაზეთი, რომ ბრიუსელთან ურთიერთობები იყოს უფრო მჭიდრო.
ეს არის კამპანიის ნაწილი – საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე. ეს არის დღეს კამპანია, რომელიც ჩანს, რომ უცხოეთიდანაა ორკესტრირებული. ეს არის ის, რასაც ეუბნებიან უკრაინას, რომ მას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა იმისთვის, რომ მისი განვითარება უფრო სწრაფი იყოს და ევროპული პერსპექტივა იქნება უფრო რეალური.
ამუშავდა პირდაპირ პროპაგანდა – „საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე“. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველა პროპაგანდისტისთვის ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის ყველა დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ: არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს ეს და მოსინჯვას შეეშვას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
