ევროპელი ლიდერების პრაგმატულ ინტერესში აუცილებლად შედის შუა დერეფანი. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი და სასურველი იქნება, თუ ისინი თავად გააკონტროლებენ ამ დერეფანს და არა საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი მთავრობა“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ევროპელმა ლიდერებმა დაინახეს, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სცენარის განვითარებას ვერ ახერხებენ, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანაბარუფლებიან პოზიციაში საუბარი მოუწევთ.
„ევროპელი ლიდერების პრაგმატულ ინტერესში აუცილებლად შედის შუა დერეფანი. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი და სასურველი იქნება, თუ ისინი თავად გააკონტროლებენ ამ დერეფანს და არა საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი მთავრობა. ეს არის მათთვის სასურველი სცენარი, მაგრამ ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაინახეს, რომ ამ სცენარის განვითარებას ვერ ახერხებენ. ამიტომ მათ მოუწევთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანაბარუფლებიან პოზიციაში საუბარი.
ჩვენ ამაზე უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ვსაუბრობდით. ამ პერიოდში საქართველო ევრობიუროკრატების მხრიდან საკმაოდ მწვავე ზეწოლას განიცდიდა და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში აშკარად ორმაგი სტანდარტები გამოიყენებოდა. ვამბობდით, რომ ადრე თუ გვიან ევროპას მოუწევდა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებასთან თანაბარუფლებიანი პოზიციიდან საუბარი. ნელ-ნელა დგება ეს დრო, თუმცა, პარალელურად, მცდელობებს არ აკლებენ. იქნებ ამჯერად მაინც გამოვიდეს და არეულობისკენ მიმართულმა ერთმა სცენარმა გაამართლოს და შედეგი გამოიღოს.
სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს შედეგს არ გამოიღებს, თუმცა მცდელობებს კვლავ აგრძელებენ. მსოფლიო გლობალურ ვითარებას თუ გადავხედავთ, ომის საფრთხე საქართველოს წინაშე ჯერ კიდევ დგას. რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო გამოშვებებში მოვისმინეთ ერთ-ერთი გერმანელი პოლიტიკოსის განცხადება. ის მიესალმებოდა უკრაინაში სისხლისღვრას და ამბობდა, რომ ეს ევროკავშირის უსაფრთხოების დაცვის ყველაზე იაფი საშუალებაა.
მათთვის ხელსაყრელი იქნება, თუ საქართველოშიც უკრაინის მსგავსი სცენარი განვითარდება. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ ამას.
ეს ორი სცენარი ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. ისინი ცდილობენ, შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ, თუ ეს არ გამოუვათ, დაიწყებენ თავიანთი პრაგმატული ინტერესების გათვალისწინებით საუბარს.
საქართველოს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგი კიდევ უფრო შეიძლება დააჩქაროს მსოფლიოში დღეს განვითარებულმა მოვლენებმა და ევროკავშირში მოახლოებულმა არჩევნებმა.
ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერების რეიტინგები ძალიან დაქვეითებულია. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ეკონომიკური რეცესიაა. ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა კი მთავარ გამოწვევად განიხილება. როდესაც მათ ქვეყნებში არჩევნები მოახლოვდება, ეს მათ უფრო პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.
მათ ქვეყნებშიც არიან ამომრჩევლები. ჩვენ, მაგალითად, ვიხილეთ არჩევნები გერმანიის მიწაზე, სადაც მემარჯვენე პარტიამ გაიმარჯვა. ასევე ვიხილეთ არჩევნები შვედეთში, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა იქაური პოლიტიკური განწყობები.
ევრობიუროკრატებს მოუწევთ, პასუხი გასცენ ამომრჩევლებს, რომლებიც მოითხოვენ ეკონომიკურ ზრდას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ა.შ. ეს იმოქმედებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე და მათ მოუწევთ პრაგმატული ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.
სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში განიხილება საქართველო და შუა დერეფანი. ევრობიუროკრატები დაიწყებენ საქართველოს აღქმას არა დესტაბილიზაციის წყაროდ და დესტაბილიზაციისთვის საჭირო ქვეყნად, არამედ პრაგმატული კუთხით.
მათ დრო არ ექნებათ საქართველოში არეულობის მოსაწყობად და საქართველოსთან ეკონომიკური კუთხით პრაგმატული პოლიტიკის დამყარებას ეცდებიან. ამის პირველი ნიშნები უკვე არსებობს,”-განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
