ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
კალასმა დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უკანონო დასახლებებთან ვაჭრობის ევროკავშირის მასშტაბით აკრძალვას „პრინციპული პოზიცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ევროკავშირმა იგივე მიდგომა უნდა გამოიყენოს, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემთხვევაში.
„თუ ყირიმის ოკუპაციის მაგალითს ავიღებთ, მაშინ ყველაფერი ძალიან ნათელი იყო – ეს უკანონოა, ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, რაც ნიშნავს, რომ ვწყვეტთ ყირიმიდან ნებისმიერი პროდუქტით ვაჭრობას“, – განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, ევროკავშირს იგივე პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეს ებრაულ დასახლებებთან მიმართებით. „შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ვაჭრობა უნდა შევწყვიტოთ“, – აღნიშნა მან.
ევროკავშირსა და ნატოში ისრაელის მისიამ კალასის განცხადებებს „ღრმად სამწუხარო“ უწოდა.
„განსაკუთრებით დღეს, ებრაული ახალი წლის წინა დღეს, რთულია იმის დაჯერება, რომ მან პირდაპირი პარალელი გაავლო იერუსალიმში დასავლეთის კედელსა და ებრაულ კვარტალსა და ყირიმში არსებულ ვითარებას შორის, მიუხედავად მისი პირადი შეხედულებებისა“, – განაცხადა ისრაელის მისიამ.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი დიდი ხანია მხარს უჭერს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის ინიციატივას, რომლის მიზანიც ევროკომისიაზე ზეწოლის გაძლიერებაა, რათა კომისიამ ისრაელის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ვაჭრობა აკრძალოს, წერს გამოცემა.
აღნიშნული საკითხი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და კალასსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის არსებული უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა.
თუმცა, კალასის მხარდაჭერამ ჯერჯერობით ევროკომისიის პოზიციის შეცვლა ვერ შეძლო. ივლისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მხოლოდ მცირე ნაწილი მოუწოდებდა კომისიას, წევრი ქვეყნებისთვის კონკრეტული ზომები შეემუშავებინა, რომლებზეც მათ კენჭი უნდა ეყარათ.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ნიდერლანდები, ბელგია და შვედეთი, ბლოკის მასშტაბით შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს, თუმცა ჩეხეთმა განაცხადა, რომ ახალ სანქციებს მხარს არ დაუჭერს. ევროკავშირის სანქციების დასაწესებლად კი წევრი ქვეყნების ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.
