სახელმწიფოს მიერ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენისა და მკურნალობის პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, იმ ბავშვებისთვის, ვისთვისაც ეს თერაპიაა განკუთვნილი უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, ხოლო ჯანდაცვის სისტემას შესაძლებლობა ეძლევა იშვიათ დაავადებათა სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპზე გადავიდეს. „ამის შესახებ ქართული „კოშმარვიზიებიდან” თქვენ ვერაფერს შეიტყობთ, ვინაიდან არაა საპროტესტო მიტინგები და არც „რუსული რეჟიმის” დადანაშაულება „კრემლის დავალებით” საკუთარი მოსახლეობის „განადგურების” თაობაზე. ჩვენ კი, აუცილებლად შევეხოთ ამ თემას: იშვიათი დაავადებების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამამ საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად უფრო სრულყოფილი გახადა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების გამოვლენის, აღრიცხვისა და მეთვალყურეობის სისტემა. გამოქვეყნებული სამეცნიერო მონაცემების თანახმად, შესაბამისი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 140 პაციენტი ცისტური ფიბროზის დიაგნოზით, ხოლო სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 80–90 პაციენტი იშვიათი დაავადებების მონიტორინგის ეროვნული პროგრამის ფარგლებში რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალშობილთა ეროვნულ სკრინინგს: 2022 წელს საქართველოში დაბადებული 40 420 ახალშობილიდან დაავადების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – დაახლოებით ერთი შემთხვევა 5 051 დაბადებაზე, ხოლო 2023 წელს 37 695 ახალშობილიდან უკვე 10 შემთხვევა – დაახლოებით ერთი 3 774 დაბადებაზე. კვლევებმა ქართველი პაციენტების სპეციფიკური გენეტიკური პროფილიც გამოავლინა: აღმოჩენილია CFTR გენის მუტაციის 29 ვარიანტი, ამასთან საქართველოში ყველაზე გავრცელებული c.1545_1546delTA მუტაციის სიხშირე მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპის მრავალ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული F508del-ისგან. ახლა კი, სახელმწიფო პროგრამა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის.
2026 წლის 11 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატ Trikafta-ს შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. მინისტრის შეფასებით, ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისა და მათი ოჯახისთვის იქნება „გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის“. მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება სახელმწიფოსა და პაციენტების მშობლებს შორის თანამშრომლობის შედეგად იქნა მიღებული, ხოლო თავად პრეპარატი მან ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად შეაფასა.
ეს არსებითად ცვლის დახმარების მოდელს: საუბარია უკვე არა მხოლოდ დაავადების ადრეულ გამოვლენაზე, მონიტორინგზე, ანტიბიოტიკებზე, ინჰალაციურ თერაპიაზე, ვიტამინებსა და გართულებების მკურნალობაზე, არამედ თანამედროვე CFTR-მოდულატორულ თერაპიაზე, რომელიც შესაბამისი გენეტიკური ვარიანტების მქონე პაციენტებში უშუალოდ CFTR ცილის დარღვეულ ფუნქციაზე ზემოქმედებს. შეფასება და პროგნოზი: რაოდენობრივად შედარებით მცირე ჯგუფისთვის (დაახლოებით 140 შემთხვევისთვის) სახელმწიფოს გადაწყვეტილებას თანამედროვე თერაპიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბენეფიციართა აბსოლუტური რაოდენობა შეიძლება მიანიშნებდეს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს თანამედროვე მედიცინის მიღმა რამდენიმე ათეული ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ დაავადება იშვიათია, ხოლო მკურნალობა – ძვირადღირებული. თუ Trikafta-ს დანერგვას თან ახლავს შესაბამისი პაციენტების გენეტიკური შერჩევა, მუდმივი კლინიკური მონიტორინგი და ახალშობილთა ეროვნული სკრინინგის გაგრძელება, მოსალოდნელია თანდათანობითი გადასვლა ცისტური ფიბროზის შედეგებთან და გართულებებთან ბრძოლის მოდელიდან თავად დაავადების მექანიზმის გრძელვადიან კონტროლზე. იმ ბავშვებისთვის, ვისთვისაც ეს თერაპია ნაჩვენებია, ეს პოტენციურად ნიშნავს ცხოვრების ხარისხისა და ხანგრძლივობის მნიშვნელოვნად უკეთეს პერსპექტივას, ხოლო საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის – იშვიათ დაავადებათა სახელმწიფო პროგრამის თვისებრივად და ტექნოლოგიურად ახალ საფეხურზე გადასვლას“ – წერს დავით ქართველიშვილი.
