ჩვენ დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია

970X90

საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა– ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

კარლ ნეჰამერის თქმით, საქართველო ევროპულ ღირებულებებს აღიარებს და მიისწრაფვის ევროპისკენ.
ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ ავსტრია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავსტრიაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ მოხერხდა ამ შეხვედრის ასე სწრაფად დაორგანიზება. ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ავსტრიიდან წამოსულიყო მოსაწვევი იმ ქვეყნისადმი, რომელიც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია და ამასთანავე, არის პარტნიორი, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაშია. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ და ეს არის უწყვეტი გამოწვევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთის მხრივ, თუმცა მეორე მხრივ, საქართველო დღეს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვლაპარაკობთ კონფლიქტის მხარეებთან საუბარზე და რომელსაც ესმის რეგიონი.

ჩვენ, როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რეგიონი უკეთესად გავიგოთ, ჩვენთვის, ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნისა, რომელიც აღიარებს ევროპულ ღირებულებებს და მიისწრაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა საქართველო გახდეს ჩვენი თანამეგობრობის წევრი. ევროპულმა საბჭომ ჩამოაყალიბა კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის სწრაფად უზრუნველყოფა და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია. ჩვენი საუბრისას, ბატონ პრემიერ-მინისტრთან ავსტრიის პოზიციაზე დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მიდგომა, თუ რატომ გაიწერა უკრაინისთვის და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში რატომ დაფიქსირდა გაწევრიანების პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცეგოვინას მომენტიც გასათვალისწინებელია. ანუ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ ვლაპარაკობთ ასევე სხვადასხვა ინტერესებზე, ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიმართ, მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იგივე სიგნალის გაგზავნა ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის“,– აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.

970X90
გაზიარება