გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. 400 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება.
სკოლა სრულად განახლდება და პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით პროექტს სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციაც დაემატა, რაც თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული არ იყო. რეაბილიტაციის შემდეგ კულტურის სახლი ადგილობრივი მოსახლეობისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი აქტივობების განხორციელების მნიშვნელოვან სივრცედ იქცევა. სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
