ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის „არ დავივიწყოთ ქართულის“ ფარგლებში თეატრალური ნამუშევრის – „ფესვები საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოციალურ – საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრას“ ორგანიზებით.
ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „ჩემოდნის თეატრი“ წარადგინა, ქედის სახელოვნებო სკოლის ფოლკლორულმა ჯგუფმა „ჩანგმა“ მუსიკალური ნომრები შეასრულა, გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ღია სახალისო ფეხბურთის“ პროგრამა და ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა 30-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო შემეცნებით-გასართობ ტურში. მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.
