ჯუმათში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა კუნჭულიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. დაგეგმილია 6 კილომეტრზე მეტი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასევე გზის საფარის მოწყობა.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მშენებლობა. იგეგმება წყლის დაზიანებული სისტემის სრული რეაბილიტაციაც.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავ ძეგლთან, ჯუმათის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 4 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება.
სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება.
