მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ, 20 ივნისს „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ, აღნიშნულ დროს, ბელარუსში იმყოფებოდა.
„სალომე რატომ იტყუები? შენ გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა – ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს“, – ამ სიტყვებით მეცო-სოპრანო ზურაბიშვილს მიმართავს.
„დღეს „შაბათის ფორმულას“ ვუცქერ, 20 ივნისის 7 წლისთავი – ლიზა ციციშვილის რეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან, კითხვას უსვამს სალომე ზურაბიშვილს, აქციაზე მისულს : – თქვენი ემოცია თუ გახსოვთ, შვიდი წლის წინ, როცა ნახეთ პარლამენტის წინ რაც ხდებოდა?.. სალომე ზურაბიშვილი: – მე მახსოვს ჩემი ემოცია, იმიტომ რომ რაღაც საერთაშორისო სპორტული ის იყო და ვიყავი ბელარუსში და იქიდან გამოვფრინდი… მე კარგად მახსოვს, სალომე! 19 ივნისს, საღამოს 7-დან -9-მდე ვიყავი შენთან სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. უკვე საკმაოდ იყავით შეზარხოშებულნი, როდესაც მოვედი. შემდეგ, სახლის ბანზე ახვედით და იქ გააგრძელეთ სმა! მე ადრე წამოვედი, ვინაიდან თქვენს საზეიმო განწყობას ვერ მოვერგე, არც „საბუტილნიცობა“ ვერ გაგიწიეთ მოქეიფეებს. რუსთაველზე სიტუაცია იძაბებოდა, ამიტომ სახლში ადრე დავბრუნდი. სალომე! შენგან დაბრუნებულმა, ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ვიხილე ხალხის დარბევა და დასახიჩრება. ის ღამე თეთრად გავათენე, ვინაიდან 20-მდე პოლიციის განყოფილება შემოვიარე და ვერსად ჩემი შვილი ვერ ვიპოვე. უამრავი ახალგაზრდა ხელბორკილდადებული და დასისხლიანებული ვნახე განყოფილებებში. უშედეგო ძებნის შემდეგ, შენ დაგირეკე ( თბილისში და არა ბელარუსში) პირველი შენი კითხვა იყო: – „ტყვიით ხომ არ დაშავებულა?“ მეორე კითხვა! ( მკაცრი ტონით) – რატომ გავიდა? რა უნდოდა იქა? სალომე რატომ იტყუები? შენ გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა – ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს. „ტყუილს მოკლე ფეხი აქვს!“, – წერს მზია ნიორაძე.
