ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოც და ემოციურიც. ეს ფილმი აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას, კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის – „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფილმში ნაჩვენები სტატისტიკა პირდაპირ ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც იყო მანამდე პარასპორტის მიმართ და რომელიც არის დღეს.
„2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში. მთელი წლების განმავლობაში ისტორიის მანძილზე ერთადერთი საერთაშორისო მედალი ჰქონდა მოპოვებული ჩვენს ქვეყანას. მას შემდეგ, პარასპორტში გვაქვს სრულიად განსხვავებული მიდგომები. ეს სტატისტიკაზე აისახება. დღეს არის 300-ზე მეტი სპორტსმენი 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, რაც არის ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 100 საერთაშორისო მედალი მოვიპოვეთ და რა თქმა უნდა ისტორიული იყო ჩვენი გუნდის გამოსვლა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, სადაც პირველად ისტორიაში ვაჩვენეთ ყველაზე მაღალი შედეგი და 9 პარალიმპიური მედალი მოვიგეთ. ეს იყო უნიკალური შედეგი. ასევე, მედალი მოვიპოვეთ ყველა სახეობაში, სადაც ლიცენზია ჰქონდა ჩვენს პარალიმპიურ გუნდს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ ყველაფერში მთავარი წვლილი მიუძღვით პარასპორტსმენებს, მათ ტალანტს, ნიჭს, თავდადებას, შრომას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მხარდაჭერა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას, პარასპორტსმენებს. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ შედეგებით, რომლებსაც აქამდე მივაღწიეთ. გვჭირდება მეტი და მეტი წარმატება ქართულ პარასპორტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
