Skip to content
06/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი

მარშალ პრესი 06/06/2026
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში ვაშინგტონიდან მიღებული სიგნალები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციის პროცესზე მიუთითებს. „საქართველოსთვის ყველაზე პოზიტიური სიახლე უკავშირდება ვაშინგტონიდან წამოსულ მორიგ დადებით სიგნალს, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების პროცესს ეხება,“ – წერს ანალიტიკოსი და განმარტავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ფონზე, ორ ქვეყანას შორის დიალოგი უფრო პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ ეტაპზე გადადის.

„ახალი „გართობა“ გვაქვს აშშ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე – ვერაგობა, კისინჯერის ციტატა, „რა გვიხარია“ და ა.შ. თითქოს ეჭვი შეაქვთ ან უფლის ჩარევის ფაქტორში თავისი წილხვდომილობის ბედის მიმართ, ან ვერ ხვდებიან, რომ განსაცდელი გვეძლევა მხოლოდ მაშინ, როდესაც მთავრობისა და მხედრობის პოლიტიკა აშკარად ღმერთმებრძოლობის რელსებზეა გადასული. ხოლო, როდესაც ერისა და ბერის უმრავლესობა გაერთიანებულია დედაეკლესიის ირგვლივ და მათი და უფლის ინტერესები ქვეყნის აწმყოსა და მომავლის ირგვლივ სრულ თანხვედრაშია – ამას არა განსაცდელი, არამედ ხელშეწყობა ეწოდება. რა თქმა უნდა, კვლავ იკითხება მიმდინარე მოვლენების კრიტიკოსთა მხრიდან ირიბი „ანტითეზა“ – რომ „ისევ რუსეთი და რუსეთმა“, რომელზეც კისინჯერის ციტატა ვერ მოიძებნება. არ მეზარება შევახსენო მათ სამი ფაქტი:

1) სწორედ რუსეთმა ორგზის (1801 და 1921 წწ.) „აგვახია“ სახელმწიფოებრიობა და 1811 წელს ეკლესიის დამოუკიდებლობა, ხოლო ამჟამად „ნაწილობრივ“ გვახევს იგივეს უკვე მესამედ;

2) სანამ რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმირ პუტინი – არის, მისგან საკუთარი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი დათმობის მოლოდინი სახიფათო ილუზიაა; ხოლო

3) მასზე ან ზეწოლის, ან ქვეყნის სათავეში ახალი ლიდერის მოსვლის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის კრიზისის დასრულების შემდეგ. მანამდე კი, საქართველოსთვის ყველაზე პოზიტიური სიახლე უკავშირდება ვაშინგტონიდან წამოსულ მორიგ დადებით სიგნალს, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების პროცესს ეხება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ახლახან დასრულებული ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო განცხადებამ, რომ მხარეები მზად არიან იმუშაონ ორმხრივი პარტნიორობის სრული პოტენციალის რეალიზებაზე, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ კონფრონტაციული რიტორიკისგან, რომელიც წინა პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დომინირებდა. ეს მიუთითებს თბილისსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის დიალოგის ეტაპობრივი ნორმალიზაციის კურსის შენარჩუნებაზე.

ამ ტენდენციის დამატებით დადასტურებად იქცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, მიმდინარე კვირაში განხორციელებული ვიზიტი ვაშინგტონში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, კონგრესის წევრებთან, ანალიტიკური და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნესსაზოგადოების წევრებთან.

განხილვის მთავარი თემები იყო ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს როლი, როგორც აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორისა სამხრეთ კავკასიაში. ასეთი მასშტაბური და ინტენსიური შეხვედრების ციკლი ცხადყოფს, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი არა მხოლოდ შენარჩუნებულია, არამედ თანდათან უფრო პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ ეტაპზე გადადის.“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: პოლონელი პუბლიცისტი მარჩინ როსოლოვსკი: თუ პოლონეთს სურს სერიოზულ სახელმწიფოდ დარჩეს, მას არ შეუძლია ქართველებს ზემოდან უყუროს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი არჩევანი დასავლეთის ლიბერალური ელიტების მოლოდინებს არ ემთხვევა
Next: შალვა ხაჭაპურიძე: წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. ახლა, ცალსახად უფრო მეტია. მაშინ გამამართლებელი განაჩენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.