დიდუბის რაიონში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, დიღმის მასივის პირველი კვარტლის Iბ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად იცვლება ამორტიზებული წყლისა და წყალარინების ქსელი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომუნალურ პირობებს და შეამცირებს ავარიული შემთხვევების რისკს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ხოლო Iა კორპუსის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულდა.
პროექტის საერთო ღირებულება 120 000 ლარს შეადგენს.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, რომელმაც თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან და გამგებლის მოადგილე მამუკა ვეკუასთან ერთად პროექტის მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეაფასა.
შეხვედრის ფარგლებში, მათ, ასევე, მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები და საჭიროებები, რაც მსგავსი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
