დიდუბის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას, ასევე, შენობების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას.
ამ ეტაპზე, ქანობიანი სახურავის სრული რეაბილიტაცია დიღმის მასივის მესამე კვარტლის N30 კორპუსში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაზიანებული კონსტრუქციის დემონტაჟი, გადახურვის მოწყობა, ჰიდროიზოლაციისა და წყალგაუმტარი სისტემების განახლება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ნალექით გამოწვეულ პრობლემებს.
ანალოგიური ტიპის სამუშაოები უკვე დასრულდა თევდორე მღვდლის ქუჩის N3ა კორპუსში, სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში სახურავის დაზიანებით გამოწვეულ პრობლემებს აწყდებოდა. აღნიშნული პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 42 400 ლარი შეადგინა.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, რომელმაც მოადგილესთან, გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების წარმომადგენლებთან, დიღმის მასივის საუბნო სამსახურის თანამშრომლებთან და თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატთან შოთა ქევხიშვილთან ერთად დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
