Skip to content
26/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს

მარშალ პრესი 25/05/2026
david kartvelishvili

„ბოლო წლების განმავლობაში სწორედ სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობდნენ საჯაროდ და დემონსტრაციულად ეძებნათ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის ახალი ფორმულა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და დასძენს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მცდელობის მიუხედავად, სწორედ ქართული სივრცე რჩება ერთადერთ შედარებით ნეიტრალურ პლატფორმად, სადაც შეიძლება გადაიკვეთოს დასავლეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ინტერესები.

მისი თქმით, საქართველო სამხრეთ კავკასიის შეუცვლელი პოლიტიკურ-ეკონომიკური კვანძია.

„ბოლო წლების განმავლობაში სწორედ სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობდნენ საჯაროდ და დემონსტრაციულად ეძებნათ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის ახალი ფორმულა. ერევანი ერთდროულად საუბრობდა ევროპულ ინტეგრაციაზე, ააქტიურებდა კონტაქტებს დასავლეთთან, განაცხადიც კი შეიტანა Shanghai Cooperation Organisation-ის მიმართულებით პროცესებში მონაწილეობის შესახებ, თუმცა ამავდროულად საბოლოოდ არ წყვეტდა კავშირებს მოსკოვთან. ბაქო კი ცდილობდა დაებალანსებინა ურთიერთობები თურქეთს, რუსეთს, ჩინეთსა და დასავლეთს შორის, ინტერესს ავლენდა BRICS-ის მიმართ და პარალელურად ევროკავშირთან რთულ თამაშს აწარმოებდა ენერგეტიკისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. მაგრამ სამხრეთ კავკასიის პარადოქსი სწორედ ისაა, რომ რაც უფრო ხმამაღლა აჩვენებდნენ მეზობლები საკუთარ „მრავალვექტორულობას“, მით უფრო ნერვული და ტურბულენტური ხდებოდა მათი საგარეო პოლიტიკა.

ამ ფონზე სწორედ საქართველო, რომელსაც წლების განმავლობაში „კურსის დაკარგვაში“ ადანაშაულებდნენ, დე-ფაქტო რეგიონში ყველაზე დაბალანსებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. თბილისს არ შეუტანია განაცხადი არც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში და არც BRICS-ში, არ უცდია საგარეო პოლიტიკის გეოპოლიტიკურ აუქციონად გადაქცევა და ამავე დროს არც ერთი გლობალური ძალის ცენტრთან ხიდები არ დაუწვავს. მეტიც, „3+3“-ის ფორმატიდან ამ ეტაპზე დემონსტრაციულმა დისტანცირებამ ერთი მნიშვნელოვანი რამ აჩვენა: საქართველო რეგიონულ კონსტრუქციებზე რეაგირებას უკვე აღარ ახდენს როგორც დამოკიდებული მოთამაშე და იწყებს ქცევას როგორც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების ცენტრი. სწორედ ეს ქმნის დღეს თბილისის სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ წონას.

შედეგად თითქმის უნიკალური ვითარება ჩამოყალიბდა: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სამხრეთ კავკსიაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად, საქართველო გამოაცხადა, ხოლო ჩინეთმა – სწორედ ჩვენ დაგვასახელა რეგიონში თავის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე გადის ძირითადი სატრანზიტო მარშრუტები, თბილისზე გადის ფინანსური, ტურისტული და ლოჯისტიკური ნაკადები, ხოლო მთავარი ისაა, რომ სწორედ ქართული სივრცე რჩება ერთადერთ შედარებით ნეიტრალურ პლატფორმად, სადაც შეიძლება გადაიკვეთოს დასავლეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ინტერესები. ეს უკვე მხოლოდ გეოგრაფია აღარ არის, ეს არის საქართველოს გარდაქმნა სამხრეთ კავკასიის შეუცვლელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კვანძად.

ორ კვირაში ჩვენს სამეზობლოს ახალი ან ისევ ძველი სახელისუფლებო ლიდერი ეყოლება, მაგრამ როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები სომხეთში, პირობითად პროდასავლური ძალების გამარჯვებით თუ უფრო პრორუსული ელიტების დაბრუნებით, ერევნისთვის სტრატეგიული რეალობა უცვლელი დარჩება. ნებისმიერ სომხურ ხელისუფლებას მოუწევს თბილისზე ყურება როგორც გარე სამყაროსთან, ტრანზიტთან, შავ ზღვასთან, ინვესტიციებთან და რეგიონულ სტაბილურობასთან დამაკავშირებელ მთავარ არხზე. სწორედ ამაში მდგომარეობს საქართველოს დღევანდელი მოდელის მთავარი გეოპოლიტიკური წარმატება: არა ყველაზე ხმამაღლა საუბარი მრავალვექტორულობაზე, არამედ ჩუმად ქცევა იმ ქვეყნად, რომლის გარეშეც სამხრეთ კავკასიაში უკვე შეუძლებელია ნებისმიერი სერიოზული რეგიონული კონსტრუქციის აგება,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: კონსტანტინე გამსახურდია: გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია
Next: დავით ქართველიშვილი: დიდი ალბათობით, ნაცსექტანტების 26 მაისის უკანონო შეკრებაზე ჩვენ ვეღარ ვიხილავთ უნგრეთის სახელმწიფო დროშებს და ბანერებს წარწერებით – “ბუდაპეშტის შემდეგ, თბილისია”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.