პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ევროპაში მიმდინარე ღირებულებითი კრიზისი თვალსაჩინოა როგორც ქართული, ისე ევროპული საზოგადოებებისთვის. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე საპროტესტო აქციების ძალადობრივ დაშლას ამართლებენ, ხოლო საქართველოს შემთხვევაში განსხვავებულ მიდგომას ავლენენ. „ეს ყველაფერი იმ დიდი გლობალური თამაშის ნაწილია, რომლის მიხედვითაც საქართველოს წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ ნებისმიერი საბაბი ქვეყნის იმიჯისა და ხელისუფლების რეპუტაციის დასაზიანებლად,“ – აცხადებს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები მოქმედებს და გარკვეული ჯგუფები ქვეყანაში არასტაბილურობის შექმნას ცდილობენ.
“ღირებულებითი კრიზისი, რომელიც დღეს ევროპაშია გავრცელებული, თვალნათელია და ამას არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ ევროპული სახელმწიფოების საზოგადოებებიც ხედავენ და მათთვისაც მიუღებელია ასეთი მიდგომები. საკუთარ ქვეყნებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უხეშ დარბევასთან მიმართებით ძალიან ლოიალურები არიან ევროპელი ბიუროკრატები და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ასე უნდა მოიქცეს, როდესაც მას საფრთხე ემუქრება, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, როდესაც აშკარად ძალადობრივი ხასიათი აქვს პროტესტს, არათუ გმობენ ამას, ან სიჩუმეს ინარჩუნებენ სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით, არამედ ძალადობრივი პროტესტის ხელშემწყობ ღონისძიებებს აფინანსებენ. მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მხარდამჭერი აქცია – “მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“, რომელიც იმ ადამიანის მხარდასაჭერად დააფინანსეს, ვინც პოლიციელის ცოცხლად დაწვას ცდილობდა.
ეს არის მათი დღევანდელი მიდგომა. ამას, რა თქმა უნდა, არაფერი საერთო არ აქვს იმ ქრისტიანულ ფასეულობებთან, რომელსაც ემყარება ჩვენი სახელმწიფო და რომელზეც აშენდა ევროკავშირი და დასავლური ცივილიზაციები, რითაც დღეს თავს იწონებენ. ეს სწორედ მათი კრიზისია, მაგრამ რეალობა, რასაც ვუყურებთ, არის ის, რომ დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს რესურსების გადანაწილებისთვის უდიდესი გლობალური ბრძოლა. ამ ბრძოლაში ჩართული არიან დიდი სამხედრო ინდუსტრიების მქონე ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და იმაზე მეტი რესურსის მითვისებას, ვიდრე ამჟამად აქვთ. სწორედ მათი დაფინანსებით, ხელშეწყობით, ლოზუნგებითა და ლობირებით მკვიდრდება ასეთი მიდგომები საქართველოს მიმართ, ისევე როგორც ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა სახელმწიფოების მიმართ.
აქვე მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მსგავსი ვითარება იყო და ვიხილეთ არაერთი ბრუტალური მოქმედება პოლიციელების მიმართ – იგივე ხდებოდა გერმანიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. როდესაც დასავლელ პოლიტიკოსებს ვაჩვენე მათივე ქვეყნების მიერ დარბეული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების კადრები და შემდეგ ჩვენი ხელისუფლების მიერ ძალადობრივი აქციების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ამსახველი ვიდეოები, მათი პასუხი იყო გამაოგნებელი და არაცივილიზებული. მათი მიდგომა იყო: „ჩვენ ვართ განვითარებული დემოკრატიები და ჩვენ გვეპატიება ასეთი მიდგომა, თქვენ კი არა“. ასეთი ცინიკური პასუხი მოვისმინე, რაც სრულიად მიუღებელია. ამას ევროპელობას ვერ დავარქმევ. ასეთი პასუხი მიუღებელია ნებისმიერი ცივილოზებული, ქრისტიანი და საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. ეს ყველაფერი არის იმ დიდი გლობალური თამაშის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოს წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ ნებისმიერი ძალა და საბაბი, რათა შელახონ საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია და დააზიანონ ქვეყნის იმიჯი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ეს არის ამ პოლიტიკის მიზეზი – მათი გათვლით, ამან უნდა გამოიწვიოს საზოგადოების აგრესია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რაც საბოლოოდ ძალადობრივ რევოლუციებში უნდა გადაიზარდოს, როგორც მათ აქვთ ჩაფიქრებული,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
