პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სამშობლოში დაბრუნებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ისტორიულად თბილი ურთიერთობები არსებობდა, თუმცა მისი შეფასებით, მოქმედმა გერმანიის ელჩმა საქართველოში დიპლომატიური მისია მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დაასრულა.
„ბატონ ფიშერს ვუსურვებ კარგ პენსიას და დაუმსახურებელ დასვენებას,“- აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ საქართველო ახალი ეტაპის მოლოდინშია როგორც გერმანიასთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში.
“გერმანიასთან ყოველთვის თბილი და ფაქიზი ურთიერთობა გვქონდა. გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო.
გერმანიას ჰყავდა არაერთი არაჩვეულებრივი ელჩი – პრაგმატიკოსი ევროპელები, რომელთაც კარგად ესმოდათ, რომელ ქვეყანაში ასრულებდნენ დიპლომატიურ მისიას, ბატონი ფიშერისგან განსხვავებით, რომელიც პირველი არაა, ვისაც საქართველოს ხელისუფლება „პენსიაზე უშვებს“ ქალბატონი დეგნანისა და დანიგანის შემდეგ.
ბატონი ფიშერიც მიდის პენსიაზე ისე, რომ ფინალურ აკორდად ვერ ამშვენებს რაიმე დიპლომატიურ მიღწევას ჩვენს ქვეყანასთან. არადა, ჩვენთან ურთიერთობა ძალიან ადვილია.
მინდა, მას ვუსურვო კარგი პენსია და დაუმსახურებელი დასვენება.
და ისევე, როგორც მთელი საქართველო ელოდება სულ სხვა ამერიკის ახალ ელჩს, ასევე ველით სულ სხვა გერმანიის ახალ ელჩს,”-განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
