წმინდა სინოდის სხდომას გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი
ანალიტიკოსის განცხადებით, პროცესთან დაკავშირებით არსებობდა მოლოდინი, რომ შესაძლო იყო დაძაბულობა და სკანდალები, თუმცა, მისი შეფასებით, სხდომამ ეს მოლოდინები არ გაამართლა.
“უწმინდესმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანი საჭეთმპყრობელობის პერიოდში იმდენი რამ შექმნა და ისეთი სიმდიდრე დაუტოვა ეკლესიას, საზოგადოებას და საქართველოს, რომლის გაფლანგვა ძალიან უნდა მოინდომო და მაინც არ გამოვა”- აღნიშნა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ წმინდა სინოდის უმრავლესობამ პატივი სცა უწმინდესის მემკვიდრეობას და სწორედ ამ საფუძველზე აპირებს მომავალი ნაბიჯების გადადგმას.
„მადლობა ღმერთს, რომ მოლოდინები არ გაამართლა სინოდის სხდომამ, რადგან, პოლიტიკისა არ იყოს, ეს საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი წინა ტურბულენტურ პროცესებთან იყო დაკავშირებული და მოსალოდნელი იყო დემარშები და სკანდალები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ე.წ. ოპოზიციური მედია საშუალებები.
მაგრამ მთავარი ჩემთვის იყო ის, რომ უწმინდესის დანატოვარს, მის ანდერძს, მემკვიდრეობას წმინდა სინოდის უდიდესი ნაწილი პატივს სცემს და აპირებს, მის მემკვიდრეობაზე ააგოს ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი დღე.
უწმინდესმა თითქმის ნახევარსაუკუნოვანი საჭეთმპყრობელობის პერიოდში იმდენი რამ შექმნა და ისეთი სიმდიდრე დაუტოვა ეკლესიას, საზოგადოებას და საქართველოს, რომლის გაფლანგვა ძალიან უნდა მოინდომო და მაინც არ გამოვა.
კარგი იყო ის, რაც დავინახეთ – იყოს დასახელებული 2, 3, თუნდაც 4 და 5 კანდიდატიც, ამაში შეზღუდულები არ არიან, მაგრამ იმედი ჩამესახა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენი უწმინდესი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ამზადებდა თავისი გარდაცვალების დღისთვის და მომდევნო პერიოდისთვის, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც მას სურდა და როგორც სურს ჩვენი მორწმუნე მოსახლეობის უდიდეს ნაწილს,“ – განაცხადა ქართველიშვილმა.
