დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს, არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო წლები, როდესაც ვერ გარისკავდა ხელისუფლება და შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, თუმცა როდესაც დაინახა ხელისუფლებამ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მიიღო ზომები.
„თქვენ იცით, რამხელა ზეწოლის გადატანა მოგვიხდა გასული წლების განმავლობაში. რეალურად იყო ძალიან დიდი ზეწოლა, რომ საქართველოშიც დანერგილიყო მანკიერი იდეოლოგია. დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს. არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით.
იყო წლები, როდესაც ამას უბრალოდ, ვერ გარისკავდა ხელისუფლება, შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება. თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ. საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ და კონკრეტული კანონები გავაუქმეთ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. აბსოლუტურად ვიზიარებთ დამოკიდებულებას, რომ იდეოლოგია არის პრობლემური და ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ქორწინების და შობადობის სტატისტიკაზე. ამიტომ, მუშაობა არის გასაგრძელებელი და გავაგრძელებთ იმას, რაც აქტიურად დავიწყეთ, ორი წელიწადია“, – განაცხადა პრემიერმა.
