აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სააგენტოს სტრატეგიული გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ხედვასა და მიმართულებას იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და საგარეო დახმარებას 2026-2030 წლებში.
დოკუმენტის თანახმად, „აშშ-ის მთავრობის, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის, პირველი მოვალეობაა, უზრუნველყოს ჩვენი ერის უწყვეტი არსებობა როგორც თვითმმართველი რესპუბლიკისა, რომელიც იცავს ამერიკელების უსაფრთხოებასა და ინტერესებს.“
გეგმის ერთ-ერთი თავი ეთმობა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართულობას, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ერების ინტერესების წინსვლისთვის არსებობენ. ისინი არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს ან მორალური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი ავტორიტეტის დამოუკიდებელ წყაროებს. ისინი შორდებიან თავიანთ ნამდვილ მიზანს, როდესაც ქმნიან საკუთარ ამომრჩეველთა ჯგუფებს და ცდილობენ წინ წაწიონ დღის წესრიგი, რომლის დამტკიცება ან უარყოფა არცერთ მოქალაქეს არ შეუძლია.
„ამერიკის ლიდერების თაობები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გლობალური ჩართულობა თავისთავად კარგი იყო და რომ მასში კავშირი გლობალურ მშვიდობას მოიტანდა და დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობას მოძველებულს გახდიდა. ეს ოცნება არ ახდა და არც ახდება. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ჩვენს გავლენას ფლანგავდა ამ მცდარი იდეების წინ წასაწევად, ჩვენ დიდ სახელმწიფოებს შორის რეალურ კონკურენციაში გვაჯობეს,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან ხაზგასმულია, რომ დეპარტამენტი აღარ დაუჭერს მხარს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კონვენციებს, რომლებიც აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.
„დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და აღარ დაუჭერს მხარს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ აღარ დავემორჩილებით მათ მმართველ არაარჩევით საერთაშორისო ბიუროკრატებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ, რომლებიც ამერიკელების და პარტნიორი ქვეყნების, როგორიცაა ისრაელი, მოქალაქეების სამიზნედ იქნებიან განლაგებულნი.
ამის ნაცვლად, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკული გავლენის გაზრდასა და იმ ორგანიზაციებში რეფორმების განხორციელებაზე, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე, განსაკუთრებით სტანდარტების დამდგენი ორგანოების საქმიანობაზე, ამავდროულად, რეალურ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს. ამერიკის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო ორგანიზაციებს იყენებენ გლობალური წესრიგის შესუსტებისა და შეცვლისათვის ან დაფინანსების მოპოვებისათვის, რომელიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, გამოვიყენებთ ამერიკის ლიდერობას, რათა სასარგებლო ორგანოები დაუბრუნდეს მათ თავდაპირველ მიზნებს, ანუ შევქმნათ კოალიციები, რომლებიც ნათლად და კონკრეტულად ემსახურებიან ჩვენი ეროვნული ინტერესების წინსვლას.“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე და აცხადებს, რომ გაერომ საკუთარ მიზანს – მოაგვაროს დავები მშვიდობიანი გზით – გადაუხვია. როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი აშშ-ის სუვერენიტეტს, ამერიკელების უფლებებსა და ინტერესებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, აშშ ეცდება, დაბლოკოს ასეთი მიზნის მქონე რეზოლუციები.
„კერძოდ, საჭიროა განახლებული ფოკუსირება გაეროს მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვნად გადაუხვია საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიზანს. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს და მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), რომელიც ხელს უწყობს რბილი გლობალური მმართველობის პროგრამას, რაც, თავის მხრივ, შეუსაბამოა აშშ-ის სუვერენიტეტთან და ეწინააღმდეგება ამერიკელების უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენ ვეცდებით დავბლოკოთ რეზოლუციები, რომლებიც ძირს უთხრის აშშ-ის ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს, შევაჩერებთ ან დავსახავთ პირობებს დავაწესებთ დაფინანსებაზე რეფორმების ხელშეწყობის მიზნით და ხელს შევუწყობთ აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო პროცესებს.
გარდა ამისა, დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას, რათა შეწყდეს ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიები მთელ მსოფლიოში.
საერთაშორისო ორგანოების განცხადებებს, რომლებიც არ შეესაბამება აშშ-ის სუვერენულ კანონმდებლობას, არ შეუძლიათ და ვერ შეგვიზღუდავენ გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების სრულ სპექტრს ასეთი მცდელობების წინააღმდეგ,“ – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიის დოკუმენტში.
