მსოფლიოში არსებული რეალობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, საზოგადოების ერთიანობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ამ თვალსაზრისით კი, ჩვენი ხალხისთვის უმთავრესი რესურსი ყველასგან გამორჩეული, უნიკალური და თვითმყოფადი კულტურაა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუკუნეების განმავლობაში შექმნილმა ღირებულებებმა, ტრადიციებმა და მათმა გააზრებამ ჩამოაყალიბა ქართველი ერი, როგორც უნიკალური კულტურული ფენომენი.
„საუკუნეების განმავლობაში შექმნილმა ღირებულებებმა, ტრადიციებმა და მათმა გააზრებამ ჩამოაყალიბა ქართველი ერი, როგორც უნიკალური კულტურული ფენომენი. ამის გარდა, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით ქართულ კულტურას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ მიმართულებით მოღვაწეობს, დიდი მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა
მისივე თქმით, ქართველი ხალხის ერთ-ერთი ძლიერი გამაერთიანებელი ფაქტორი სპორტული წარმატებებია და მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს სპორტის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დასახელებისათვის.
„როგორც ბოლო წლებმა გვიჩვენა, კონკრეტულ მომენტებში ჩვენი ხალხის კიდევ ერთი ძლიერი გამაერთიანებელი ფაქტორი სპორტული წარმატებები გახდა. სახელოვანი ქართველი სპორტსმენები ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილში მიღწეული წარმატებით, საკუთარ თავთან ერთად, მსოფლიოს ჩვენს სამშობლოსაც აცნობენ, გულშემატკივრებს კი ბედნიერებას გვანიჭებენ და დაუვიწყარი მომენტებით გვახარებენ.
აქ გვყავს ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონები, ის ადამიანები, ვინც თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ უსახელებიათ ჩვენი ქვეყანა, მათაც მინდა მივესალმო და მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ.
მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა სპორტის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა, რისთვისაც მასაც ვუხდი მადლობას.
სპორტის განვითარებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია „სპორტით განვითარება“, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ნიშნავს. ადამიანების ყოველდღიურობაში სპორტული ცხოვრების ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვადასხვა სფეროში აღნიშნული მიდგომის დანერგვა, ერის ჯანმრთელობის ხარისხის ზრდასთან ერთად უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვას.
ვერ ავუვლი გვერდს ამ საკითხს, აქ ვიყავი პარლამენტში, როდესაც ჩვენ არაერთი კვლევა ჩავატარეთ სპორტის კომიტეტის მეშვეობით. საგამოძიებო კომისია იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, სადაც არაერთი მავნე დანაშაული გამოვლინდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის აღსანიშნავი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ამ საკითხს ეხება არის, რომ ამ ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს.
სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, ამასთან ერთად სპორტის უნივერსიტეტი გაანადგურეს და გააუქმეს. შვიდწლიანი პაუზა იყო და დეფიციტი შეიქმნა სკოლებში სპორტის მასწავლებლების. ჩვენ არაერთი კვლევა ჩავატარეთ და ფიზიკის, ისტორიის და ქართულის მასწავლებლებს ჰქონდათ შეთავსებული სპორტის გაკვეთილები. არც კი ატარებდნენ და ამან რა გამოიწვია – ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად ჩავატარეთ კვლევა და საქართველო არაგადამდები დაავადებების სიკვდილიანობის სტატისტიკით ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროპის ქვეყნებში. დაახლოებით 7-8 წლის წინ გავაკეთეთ ეს კვლევები. ეს შედეგი, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა, სწორედ ეს შედეგი იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი.
ჩვენ ბატონ პრემიერთან ერთად ამ საკითხებთან მიმართებაში არაერთი დისკუსია გვქონდა, იმ პროფესორებისგან და პედაგოგებისგან განსხვავებით, ნამდვილად არგუმენტებით ვიყავი მე მასთან მისული და დღეს, რომ ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში მულტიფუნქციური სპორტული ობიექტების [გახსნა], სწორედ ეს არის პასუხი, რომ როგორმე სასწრაფოდ უნდა შევქმნათ ეს ინფრასტრუქტურა, რომ ჩვენი მოსახლეობა ჩაერთოს ჯანსაღ ცხოვრებაში და სპორტული აქტივობებით იყოს დაკავებული, რომ როგორმე გავზარდოთ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც სურვილი ექნება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და არ შემეძლო, რომ ამას არ შევხებოდი. იმიტომ, რომ დღეს უფრო განსხვავებული რეალობა გვაქვს და დაახლოებით 25%-ია ჩვენი მოსახლეობის, ვინც ჩართულია და აუცილებლად უნდა ავიდეთ და გადავცდეთ 50%-ს და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება იმ ტემპით, რა ტემპითაც დღეს ვითარდება ჩვენი სპორტული ინფრასტრუქტურა, იმიტომ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ისარგებლოს სპორტული სერვისებით და ეს ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ ჯანმრთელი, განათლებული და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდები გავზარდოთ და ყველა განვითარებული ქვეყნის ახალგაზრდას გაუწევენ კონკურენციას.
ფაქტია, კულტურა და სპორტი ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის, ხალხის ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის განსაზღვრის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, აღნიშნული სფეროების მაქსიმალურად ხელშეწყობა და განვითარება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
