მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოში ვიზიტს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს გააგრძელებს კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
„მქონდა შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, შესაძლებლობა მქონდა, არაერთ კოლეგას გავსაუბრებოდი. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იცით, რომ შვეიცარია არის ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთო-ს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით.
უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა განხილვა შუა დერეფნის საკითხებზე, სადაც მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში განიხილება შუა დერეფნის განვითარება და საქართველოს როლი, რა წვლილი შეაქვს მას ევროპული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით შუა დერეფნის განვითარებაზე.
შეხვედრები გაგრძელდება როგორც ჩემს კოლეგებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ასევე, მექნება შესაძლებლობა, შევხვდე ეუთო-ს გენერალურ მდივანს. ეს ფორმატი მაქსიმალურად არის გამოყენებული, რათა ჩემს კოლეგებთან საქართველოსთან დაკავშირებით მქონდეს დისკუსიები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
