ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას იმისთვის, რომ განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფრთხოების თვალსაზრისით, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის ვიზიტს აშშ-ში.
პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ვამბობდით კიდევაც, რომ საქმიანი ურთიერთობა სხვადასხვა უწყებას შორის გრძელდება. ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც. რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი, რომელიც უსაფრთხოების ნაწილში თანამშრომლობას ეხება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღეს არსებული გლობალური გამოწვევების და იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს, რომ აიცილოს კონფლიქტები და უზრუნველყოს მშვიდობიანი განვითარება, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა. ასე რომ, საქმიანნი და სამსახურებრივი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
