გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებული და ისრაელის ელჩი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში გაიმართა. ტურნირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „საქართველო შალომ კლუბ გურიას“ ორგანიზებით, ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, 2015 წლიდან იმართება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ჩოხატაურის მერი მინდია ჟღერია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
