გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, ურეკის ნარჩენების გადამტვირთავ სადგურსა და გურიის სანაპირო ზოლზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებს 2021 წლიდან ახორციელებს. სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობისთვის კომპანია სპეციალურ ტექნიკას ფლობს, მათ შორის, ქვიშის საცრელ მანქანებს, ტრაქტორებს და თვლიან მისაბმელებს. ტერიტორიის დასუფთავებაზე, ყოველდღიურად, კომპანიის 109 თანამშრომელი ზრუნავს, ხოლო ზაფხულში, აქტიურ ტურისტულ სეზონზე მათი რიცხვი 222-მდე იზრდება.
