ევდოშვილის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოებს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აწარმოებს.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სრულად ახლდება 1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები.
პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარია.
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სამუშაოების დასრულების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ქუჩაზე ასფალტის საფარს დააგებს.
სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი დედაქალაქის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„ევდოშვილის ქუჩაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროექტი მისი მოცულობიდან და შესასრულებელი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების სირთულეების, ხმაურისა თუ მტვრის თვალსაზრისით, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მასშტაბის პროექტები დროსა და რესურსს მოითხოვს, რათა მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულდეს და წლებს გაუძლოს. გამგეობა აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობას ”,- განაცხადა დავით გელოვანმა.

