
„მიუხედავად არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგისა, რომლის მიხედვითაც საზოგადოება მხარს უჭერს მშვიდობას, განვითარებასა და სტაბილურობას, დესტრუქციული ძალები ისევ ცდილობენ ქვეყანაში აურზაურის შემოტანას“, – ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, რა თქმა უნდა, სამართლებრვი რეგულაცია უნდა არსებობდეს, რათა მცირერიცხოვანმა რადიკალებმა გზის ხელოვნურად გადაკეტვით მოქალაქეებს ხელი არ შეუშალონ.
„საკანონდმებლო ბაზა უნდა იყოს ადეკვატური, რომ უზრუნველყოს ქვეყანაში წესრიგი, მშვიდობა და მშვიდობიანი განვითარება.
იმ ფონზე, რასაც რუსთაველის გამზირზე ვუყურებთ, რომ დემონსტრანტების მცირე რაოდენობა ცდილობს გადაკეტოს ძირითადი სავალი გზა, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ ავტომობილებით მოსიარულეებს, არამედ, ფეხითმოსიარულე მოქალაქეებსაც, ამ დროს, რა თქმა უნდა, სამართლებრივი რეგულაცია უნდა არსებობდეს, რომ რადიკალებს ამის საშუალება არ მიეცეთ. და თუ ისინი მაინც იძალადებენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ, მათთვის პასუხის გამცემი კანონი იქნება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.