
ეუთო/ოდირის განცხადება არის ის აბსურდი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ერთ მხარეს არის ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მეორე მხარეს არის რაღაც კონკრეტული დეტალები, როგორ შეიძლება, სასწორზე თანაბრად დააყენო ეს ორი საკითხი – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეუთო/ოდირის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, რაზეც ეუთო/ოდირის წარმომადგენლები საუბრობენ ხელისუფლების დამხობის მცდელობის ფონზე, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში.
„ეს არის ის აბსურდი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ერთ მხარეს არის ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მეორე მხარეს არის რაღაც კონკრეტული დეტალები. როგორ შეიძლება, ჯერ სასწორზე თანაბრად დააყენო ეს ორი საკითხი და მეორე – სრულიად აშკარაა ნონსენსი, რომელიც ჩანს ამ განცხადებაში, რა თქმა უნდა, იყო უმძიმესი ძალადობა, შეგახსენებთ, რომ საჭირო გახდა 15 პოლიციელის ჰოსპიტალიზება, საიდანაც ორი მართლა ღმერთის წყალობით გადაურჩა სიკვდილს. ამ ფონზე, საუბრობენ საუბრობენ რაღაც თემებზე ოდირის წარმომადგენლები და ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში. ამას უკავშირდება ის უსამართლობაც, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ევროპა – როგორც ასეთი, არ არის პანაცეა. ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც ასეთი ტიპის პროპაგანდით გამოირჩეოდა. მართლა გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. გებელსიც ევროპა იყო, როდესაც 40-იან წლებში მოღვაწეობდა ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში და არ შეიძლება, გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს ევროპაში 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე,“- განაცხადა პრემიერმა.