
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
სამივე სკოლის რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.
სკოლებში სრულად განახლდა სასწავლო გარემო – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სასწავლო ოთახები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო და სპორტული დარბაზები. ასევე ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი და ბიბლიოთეკა.