
პარტია ” ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და სოხუმის დაცემის დღიდან 32 წელს ეხმიანება.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები არასდროს შემოიფარგლებოდა ორჯონიკიძის
მიერ დასმული საზღვრებით და კუს ნაბიჯებით ვუახლოვდებით ქვეყნის გამთლიანების ეტაპს, რომელიც გარდაუვალია.
“მძიმე და ამავდროულად, იმედისმომცემი დღე გვითენდება – სოხუმის დაცემიდან 32 წელიწადი და ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული. ალბათ სიმბოლურიც არის დღევანდელი მძიმე მარხვა. სანამ ქართული მეხსიერებიდან არ წაიშლება ან არ წაშლიან სოხუმისა და ცხინვალის ტკივილს – დაშვებული შეცდომების გააზრების და მათი აღარ დაშვების მტკიცე გადაწყვეტილების გზით, ყოველთვის რჩება იმედი, უფლისა და მისი ჯვრის ძალით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის.
ღმერთისთვის ათასი წელიც – “ერთი დღეა” და ერთი დღეც – “ათასი წელი”. საქართველოს საზღვრები არასდროს შემოიფარგლება ორჯონიკიძის მიერ გავლებული კონტურებით – გინდ დღეს უცხო ქვეყნების ფარგლებში, ან სეპარატისტების ხელში დროებით მოხვედრილი ჩვენი რეგიონებით. ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზრუნვის საგანია – ტაო-კლარჯეთიც, ლორეც, ჰერეთიც, აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც. ჩვენთვის მიუწვდომელი ღვთაებრივი განგებით – ბოლო ჟამის დადგომის წინ, იბერია სწორედ თავის დედა-მარიამისეული საზღვრებით გაბრწყინდება.
ჩვენ კი გვეჩქარება, თუმცა კუს ნაბიჯებით ვაახლოებთ ამ გარდაუვალი წინასწარმეტყველების თუნდაც ეტაპობრივ აღსრულებას. უფლის მოთმინებას კი საზღვარი არა აქვს – ის ელოდება ჩვენში სახარებისეულ “მეტამორფოზს”, ანუ ფერიცვალებას, რომელიც ლოცვასა და მარხვაზე გადის. “დამიკაკუნეთ და გაგეღებათო” – არ ვაკაკუნებთ. მაგრამ, იმედი ჩვენი ღმერთისკენ შემობრუნების ყოველთვის არის. მთავარია არ გადადო და ახლავე გადადგა პირველი ნაბიჯი – თუნდაც, მძიმე მარხვაში გაატარო დღევანდელი დღე: ერთდროულად მძიმე და საზეიმო,”- წერს დავით ქართველიშვილი.