
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა.
ანგარიშში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმაცია მიანიჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო სამართლით არ არის აღიარებული და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს სრულად აღასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც გულისხმობს რუსული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას დაზარალებულ რეგიონებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებას და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ ჩართულობას.