Skip to content
29/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 28/06/2025
sagareo

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორებიცაა აეროპორტის უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლა და ელექტრომატარებლის ამოქმედება.

„25-26 ივნისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორებიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი რთული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული გარემოს საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორებიცაა აეროპორტის უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლა და ელექტრომატარებლის ამოქმედება.

რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართება.

Continue Reading

Previous: თომას მელია: საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა იმ მზადყოფნის გამო, რაც დასავლეთთან პარტნიორობას უკავშირდებოდა, მაგალითად, ავღანეთში ქართველი სამხედროების წვლილით
Next: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025