
ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაში გარდა იმისა, რომ ჩვენ გვეხმარება სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, საგადასახადო რეჟიმი, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სწორი მართვის სისტემა ეკონომიკის სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდამჭერი კონკრეტული პროგრამები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გრძელდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსება, დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეიქმნა ამ პროგრამის საშუალებით 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.
„ასევე საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, დაფინანსდა 267 კომპანიის 292 პროექტი, შეიქმნა 3 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც ფინანსდება, გვაქვს საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელიც მოქმედებს, გვაქვს სტარტაპების მომზადების დაფინანსების სისტემა, რომლითაც უზრუნველვყოფთ მსმენელების გადამზადებას. ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები, ამ მიმართულებითაც იდგმევა ნაბიჯები. შესაბამისად, გვაქვს მრავალი პროგრამა, ეს არის მხოლოდ რამდენიმე სამაგალითო ჩამონათვალი, დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია სამთავრობო ანგარიშში. არის არაერთი პროგრამა, რომელიც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, კონკრეტული პროექტების დაფინანსების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.