
სცენარი 2 – „არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება“ უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
მისი განცხადებით, ამ პროცესში ჩართული იყო სამი კომპონენტი: პოლიტიკოსები, არასამთავრობოები და მედია, რომლებიც იმ ფაქტს, რომ საქართველო სამ კანდიდატ ქვეყანას შორის მოწინავე იყო, დეზინფორმაციას და არასწორ აღქმებს უპირისპირებდნენ.
„საქართველოს პოლიტიკურ ველზე, უნდა ითქვას სამი მიმართულება, საიდანაც ეს ხორციელდებოდა, ეს არის: პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, არასამთავრობო ორგანიზაციები – ენჯეოები, რომლებიც აქტიურად უქმნიდნენ აკადემიურ შეფუთვას ამ ყველაფერს, მედია, რომელიც გახდა ძალიან აქტიური საგარეო ფლანგზე – ალბათ ყველას გახსოვთ „ფორმულას“ ანგარიშები, რომელიც, ტვიტერზე განსაკუთრებით აქტიური იყო, რომ მოკლედ გასულიყო დეზინფორმაცია საქართველოს და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ყველამ კარგად იცის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ დაფუძნებულია სახელმწიფოების გარკვეულ მიღწევებზე და ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო, იმ სამ კანდიდატ ქვეყანას შორის – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, მათ შორის, საქართველო იყო მოწინავე, ეს იყო ფაქტი, რომელსაც ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, საჭირო იყო აღქმის შექმნა, რომ ეს ასე არ არის და ამაში ძალიან აქტიურად დაიწყეს მონაწილეობის მიღება სამივე კომპონენტის შემსრულებლებმა, პოლიტიკოსებმა, არასამთავრობოებმაც და მედიამაც. თუ გახსოვთ კამპანია, რომ საქართველო არის მაჩანჩალა, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად იყენებდა „ლელო“ – ლელოს პოლიტიკოსები პარლამენტში, განსაკუთრებით ნაცვლიშვილი, სამადაშვილი ხშირად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის მაჩანჩალა, რომ რაღაცნაირად გამჯდარიყო საზოგადოებაში, თითქოს, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ანუ, საქართველოს არ აქვს მიღწევები,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.