დღეს, ოზურგეთის მერიაში მორიგი სხდომა გაიმართა. მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე ახალი პროექტები და ინიციატივები წარადგინა.
„მინდა დავიწყო ყველასათვის მნიშვნელოვანი საკითხით – სკოლებით და სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ოზურგეთში აშენდა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სკოლები, ასევე კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ სკოლას. საქართველოს პრემიერ მინისტრის და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იგეგმება ათზე მეტი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში. კონკრეტული სკოლები უკვე პრიორიტეტულად განიხილება და უახლოეს პერიოდში ამასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. თანამედროვე სკოლები ჩვენი ბავშვებისთვის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმება,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
უახლოეს დღეებში დაიწყება ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე 12 – სართულიანი ბინის სრული რეაბილიტაცია და განახლება
„ ჩვენს თანამოქალაქეებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დავპირდით და ვასრულებთ პირობას – დოლიძის და ჭავჭავაძის ქუჩების პარალელურად, უახლოეს დღეებში დაიწყება ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე 12-სართულიანი ბინის სრული რეაბილიტაცია და განახლება. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს მრავალბინიანი კორპუსი ქალაქის განახლებულ იერსახესთან შესაბამისი და როგორც თეატრის წინ ახალი, ევროპული ტიპის მოედნის სივრცეში, ასევე გმირთა მოედნის სივრცეში გამორჩეული იქნება. პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან და ავთენტური შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციასთან ერთად, ვიწყებთ ინოვაციური პროექტის – StreetArt-ი ოზურგეთისთვის (ანუ, ქუჩის ხელოვნება ოზურგეთისთვის) განხორციელებას. ეს პროექტი გულისხმობს ძველი შენობების ფასადების და კედლების მოწესრიგებას და მოხატვას თემატური გრაფიკული ნახატებით. თბილისში, ასევე ევროპულ ქალაქებში ეს მიმართულება ძალზედ პოპულარულია და ხელს უწყობს ქალაქების ცნობადობის გაზრდას. ვავალებ ჩემს მოადგილეს, შეარჩიოს ამ პროექტისთვის შესაფერისი ადგილები, არტისტებთან ერთად ასევე, დამუშავდეს ოზურგეთისთვის თემატური ნახატები და დაიწყოს პროექტის განხორციელება,“- აღნიშნავს თალაკვაძე.
– სამწუხაროა, რა მდგომარეობაშიც ამ წლების განმავლობაში იყო ქალაქის შემოსასვლელებში არსებული წარწერები, ასევე მემორიალები – ოზურგეთი ამას არ იმსახურებდა.
ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე მემორიალების და ასევე ოზურგეთის შემოსავლელებში აბრების მოწყობა-მოწესრიგების შესახებ ისაუბრა.
„ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ყურადღება დაეთმობა – გახლავთ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მემორიალების, ასევე ოზურგეთის შემოსავლელებში იმ აბრების მოწყობა-მოწესრიგება, რომელსაც ჩვენი ქალაქის და მუნიციპალიტეტის სახელი უნდა ეწეროს. სამწუხაროა, რა მდგომარეობაშიც ამ წლების განმავლობაში იყო ქალაქის შემოსასვლელებში არსებული წარწერები, ასევე მემორიალები – ოზურგეთი ამას არ იმსახურებდა. დაგეგმილი გვაქვს და უახლოეს პერიოდში განხორციელდება ომში დაღუპულთა მემორიალის იერსახის მოწესრიგებაც,“- აღნიშნა მერმა.
სატრანსპორტო პოლიტიკა და თანამედროვე ტრანსპორტიჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლდათ – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა სხდომაზე ისაუბრა
„ საკრებულოს უკვე წარვუდგენთ პროექტს – სატრანსპორტო სისტემის განახლება ოზურგეთისთვის და ვიწყებთ ამ კუთხით რეფორმების გატარებას. რეფორმა მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განახლებას – თანამედროვე ავტობუსები, მოსაცდელები, დროის გრაფიკი და მარშრუტები, კერძო ავტობუსების ინტეგრირება საერთო სისტემაში – ეს იქნება პროექტის ძირითადი კომპონენტები. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, დაასრულონ პროექტზე და მისი დაფინანსების წყაროებზე მუშაობა, რათა შევძლოთ უკვე მისი განხორციელება“ – განაცხადა თალაკვაძემ.
პანდემიის დასრულებასთან ერთად, წლევანდელი სეზონი შიდა და საერთაშორისო ტურიზმის მხრივ ძალიან აქტიური იქნება
„აქტიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება ზაფხულის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ურეკსა და შეკვეთილში. მოწესრიგდა პლაჟები, აშენდა ბულვარი, დამსვენებელთა უსაფრთხოებისთვის, სანაპიროზე შენდება სპეციალური კოშკურები, წესრიგდება კომერციული ინფრასტრუქტურა. პანდემიის დასრულებასთან ერთად, წლევანდელი სეზონი შიდა და საერთაშორისო ტურიზმის მხრივ ძალიან აქტიური იქნება.
ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს საერთაშორისო დონის კულტურული ცენტრი – „ბლექ სი არენა“, რომელიც მაღალი დონის ღონისძიებებს მასპინძლობს. ასევე, სრულიად უნიკალური და განსაკუთრებული დენდროლოგიური პარკი, რომელიც გახსნიდან დღემდე უკვე მილიონობით ვიზიტორმა მოინახულა. ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებული ეს და სხვა შესანიშნავი პროექტები, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ქმნის ახალ, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ზაფხულის სეზონის საზეიმო გახსნას, რომელსაც სპეციალური ღონისძიება და კონცერტი მიეძღვნება. მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომელიც მაქსიმალურად გვერდში გვიდგას“, – განაცხადა მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ.
ვიწყებთ ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციას
„ გაგაცნობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელსაც ქალაქ ოზურგეთში განვახორციელებთ. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ვიწყებთ ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციას. პროექტის ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მოგეხსენებათ, ექადიის ტყე-პარკი გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემით. არსებული ლანდშაფტის და მწვანე ნარგავების სრული დაცვით და შენარჩუნებით, ჩვენ ვგეგმავთ, რეკრეაციული ზონების მოწყობას, სასეირნო ბილიკების გაკეთებას, დასასვენებელი სკამების და ლამპიონების მონტაჟს. მოქალაქეებისთვის შეიქმნება მაქსიმალურად კომფორტული გარემო დასვენებისთვის. მნიშვნელოვანია რომ ექადიის ტყე-პარკი გახდეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და სანაპიროს ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდეს,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მიმართა
„ მსურს კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო და მხარდაჭერისთვის მივმართო ჩვენს მოსახლეობას. სამწუხაროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები. ხშირია შემთხვევები, როცა ახლად რეაბილიტირებული სკვერის, შენობის თუ ინვენტარის მიზანმიმართული დაზიანება ხდება. მაშინ როდესაც ჩვენი ქალაქი ლამაზდება, ხორციელდება მასშტაბური პროექტები – თითოეული ჩვენგანის ვალია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაკეთდა. აქვე, მინდა ვთქვა, რომ არცერთი მსგავსი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე და შესაბამისი სამსახურები, კანონიერ რეაგირებას მოახდენენ ამ შემთხვევებზე. ჩვენი მხრივ, ვგეგმავთ, რომ ყველა ახლადრეაბილიტირებული პარკი და სივრცე აღვჭურვოთ ვიდეო კამერებით, როგორც უსაფრთხოების გაზრდის, ასევე ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით,“- განაცხადა თალაკვაძემ.
„ამერიკის ხმის“ თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, „რადიო თავისუფლებას“ კი აშშ-ის გლობალური...