ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, ნამდვილად არ ვიდარდებ იმ ეფემერულ სტატუსებზე რომელიც „მოგვანიჭეს“ და რომელსაც „პერსპექტივაში“ ველოდებით

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ეხმიანება ევროკომისიის მიღებულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, საქართველოს მიენიჭება ევროპული პერსპექტივა, ხოლო მოლლდოვასა და უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მოგვანიჭეს „ევროპული პერსპექტივა“ და როგორც ევროპელი ლიდერების ტექსტებიდან ჩანდა, ამ „პერსპექტივის“, ანუ კანდიდატობის სტატუსის ძირითადი დამამუხრუჭებელი ყოფილა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და პოლიტიკური პოლარიზაცია.

1. ვიტყვი, რომ საქართველო თავის გეოგრაფიულ მდებარეობას ვერა და არ შეიცვლის! (ნიკიტა ხრუშჩოვს ჰქონდა მცდელობა, მაგრამ რითი დასრულდა ყველამ ვიცით).
მე ჩემ ოროთახიან ბინაში მაქვს ბაბუაჩემის ხელით გაკეთებული მაგიდა, რომელიც თითქმის 100 წლისაა და რომლის ჩუქურთმები ნებისმიერ გაპრიალებულ, პლასტმასის Table -ს მირჩევნია. ამ მაგიდასთან მსხდარან ჩემი მეგობრები, ნათესავები, მეცნიერები (მათ შორის ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი), მწერლები, მხატვრები, მსახიობები, ცოტა რთული პროფესიის ადამიანები.

ეს მაგიდა მხოლოდ კვების მიღების ადგილი არ არის. მას უფრო დიდი დატვირთვა აქვს და ვისაც არ მოსწონს, კარგად იყოს.

2. რაც შეეხება პოლიტიკურ პოლარიზაციას – ძალიან კარგი იქნება, რომ პატივცემული ევროპელები დაინტერესდნენ ამ პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზებით. დაინტერესდნენ თუ ვინ ჩაშალა „შარლ მიშელის დოკუმენტი“, ვინ ახდენდა დაძაბულობის პროვოცირებას, ვინ სპეკულანტობდა პარლამენტში შესვლა-არ შესვლით.
დაინტერესდნენ, თუ როგორ აღვივებდა ამ პოლარიზაციას მათი პოლიტიკური ძალა EPP (ევროპის სახალხო პარტია), როგორ ხდებოდა დესტრუქციული ელემენტების წახალისება ზოგიერთი ევროპელი დიპლომატის მიერ და როგორ ხდებოდა აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციების გახმიანება ადამიანების უფლებების დარღვევასა და მედიის თავისუფლების შესახებ.

ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, ნამდვილად არ ვიდარდებ იმ ეფემერულ სტატუსებზე რომელიც „მოგვანიჭეს“ და რომელსაც „პერსპექტივაში“ ველოდებით.
ზუსტად ვიცი, რომ საქართველო გააგრძელებს იმ დაწყებული საქმეების კეთებას, რომლებმაც საერთაშორისო მასშტაბის სხვადასხვა კრიზისის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა თავისი ეკონომიკური ზრდით ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით წინა პოზიციებზე დააყენა და ისიც ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება”- წერს გია გაბრიჭიძე.

გაზიარება