
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტების განხილვისას, ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრის ფაქტს გამოეხმაურა.
ჟურნალისტი ვახტანგ ხუზმიაშვილის მოსმენისას დეპუტატმა დააზუსტა, მოჰყვა თუ არა ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შესვლას საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება.
„მაშინ, უცხოელი პარტნიორების მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა – ეს არის მთავარი. დღეს საქართველოს უწუნებენ მედიათავისუფლებას, როდესაც ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია რამდენიმე დღეში გახსნას მედიასაშუალება“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და განმარტა, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტის მაგალითი. მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლება ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი იყო და სწორედ ამიტომ, ტელევიზია „იბერიის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საერთაშორისო პარტნიორებმა თვალი დახუჭეს.
“საერთაშორისო პარტნიორების პროტესტი არ იყო იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მათი წარმომადგენელი სააკაშვილი იყო და მაშინ, როგორც ჩანს, შეიძლებოდა ასეთ ფაქტებზე თვალის დახუჭვა. ყოველ შემთხვევაში, უცხოელი პარტნიორების მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა – ეს არის მთავარი. დღეს საქართველოს უწუნებენ მედიათავისუფლებას, როდესაც ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია რამდენიმე დღეში გახსნას მედიასაშუალება. მაშინ ტელევიზიაში (იბერიაში) სპეცრაზმით შეჭრა მოხდა და არავის უთქვამს სიტყვა. ეს არის ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი. სამართლებრივად დადგენილია და პასუხისმგებლობაშიც არიან მიცემული პირები და ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ეს არის ის ევროპული ღირებულებების მქონე პარტია (ნაციონალური მოძრაობა), რომელსაც სამწუხაროდ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნების ელჩი, მათ შორის ევროკავშირის ელჩი, უცხადებს მხარდაჭერას,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.